
ერთხელ ერთ საშინლად ბნელ ადგილას მოვხვდი, ჩემ მეგობრებთან ერთად, ისეთი სიბნელე იყო და სიცივე, რომ ტანში ჟრუანტელი მივლიდა და საოცრად მეშინოდა. მეგონა ვეღარასდროს ვნახავდი სინათლეს და ამან უფრო შემაშინა ვგონებ და ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც სიმღერის ხმა გავიგონე. ცოტა ხნის შემდეგ ჯერ ვარსკვლავები გამოჩნდა ცაზე, მერე მზე, კიდევ რაღაც დროის შემდეგ ცა გამოიკვეთა და ირგვლივ გამოჩნდა ყველაფერი. მალევე მომღერალიც დავინახე. ის თქვენ წარმოიდგინეთ და ერთი ჩვეულებრივი, თითქოს არაფრით განსაკუთრებული ლომი იყო, მაგრამ აი აქ შევცდი.
ის მეფე ასლანი იყო… და ნარნიის შექმნის მომსწრე გავხდი. თვალები ვჭყიტე, განვცვიფრდი, და ბნელი ჩემთან ერთად განათდა, როგორი ლამაზი იყო.
ჯერ კიდევ მაშინ უნდა შემეძინა, როცა ახალი გამოსული იყო და არც ყველა მაღაზიაში არ იყო, მაგრამ მაინც გადავწყვიტე დავლოდებოდი პრეზენტაციას. მეორე დღესვე იყო, გავვარდი სასწრაფოდ და წიგნის გარეშე არც წამოვსულვარ. აბა რის ერკე ვარ, ასეთი წიგნის ყიდვის შესაძლებლობა, რომ გამეშვა ხელიდან, თან ნინო შეყილაძის თარგმანი, თან წიგნები ბათუმშის გამოცემა. ეს ორი ერთად, რაღაც ხარისხობრივად იმდენად კარგად ჯდება ერთმანეთში, რომ სანდოობის და ნამდვილად ხარისხიანობის ეფექტს და მოლოდინს ქმნის. არა მარტო მოლოდინს, არამედ ნამდვილად ხარისხიანია, რომელსაც ამ ხარისხთან შედარებით ნამდვილად საუკეთესო ფასი ადევს. ყველაზე მეტად კი წიგნის ორიგინალურობას თვითონ მასში მოცემული ილუსტრაციებიც ახდენს და სხვაგვარ ელფერს აძლევს წიგნს, მართლაც რომ ნარნიას დაგანახებთ და საოცარ ემოციას დაგიტოვებთ თითოეული ილუსტრაცია.
თარგმანი არაჩვეულებრივი, გამოცემა არაჩვეულებრივი… შინაარსი არაჩვეულებრივი. პრეზენტაციიდან სწორედ ამ დუეტის ავტოგრაფით დამშვენებული წიგნი წამოვაცუნცულე სახლში. ჯერ ირაკლი ბაკურიძეს მოვაწერინე ხელი (რომელსაც ასლანს თუ შევადარებ მხოლოდ), შემდეგ ნინოს ძებნა დავიწყე, მაგრამ უკვე წასული დამხვდა. მეც რომ სახლში ვბრუნდებოდი დამწუხრებული, ავტობუსის გაჩერებასთან შემხვდა, იქ იდგა, ნამდვილად იდგა და აქაც შემთხვევით ვისარგებლე. ბედი არ გინდა?! როგორი საოცარია, თვითონ ცხოვრებაა ფანტასტიკა, ამას ყოველთვის ვამბობ და კიდევ გავიმეორებ ახლა. ცხოვრება იმდენად არის მოულოდნელობებით სავსე, რომ რასაც არ ელოდები ის ხდება, თან ეს დამთხვევები, რომლებიც სულაც არ არის დამთხვევები… მართლაც ძალიან კმაყოფილი წამოვედი პრეზენტაციიდან, უფრო მიახლოებული სიტყვებით, რომ ვთქვა მეც ფრთოსანი რაშივით გამოვქროლდი, სასწრაფოდ წაკითხვის სურვილით განმსჭვალული, რადგან ნარნია ფილმი ძალიან მომწონს, ისტორიაც უნიკალურია, ახალი სამყარო, ჩვენსავე სამყაროში, მაგრამ სრულიად სხვა სამყარო, სადაც ყველაფერი ცოცხალია, ღვიძავთ ცხოველებს და მეტყველებაც კი შეუძლიათ მათ.
ნარნია… წიგნი, სადაც თქვენ იმდენად ცოცხალი ხართ, მთელი ძალით გსურთ ყვირილი, რომ გააგებინოთ ყველას. წიგნი, რომელშიც ბევრი ბიბლიური მონაკვეთებია აღწერილი, მაგრამ რა თქმა უნდა ალეგორიულად და წიგნი, სადაც თქვენ თავს აუცილებლად იპოვით.
მე ვიგრძენი და დავინახე ჩემი ნაწილის ცუდი და კარგი თვისებები. განვიცადე იმედგაცრუება და შიში, ცდუნებამაც კი მძლია, მაგრამ ესეც გადავლახე და ბოლომდე რაღაც სასწაულად მივედი. სასწაული ყოველ ჩვენგანშია, სასწაული გვამოძრავებს და ის გვიხსნის ხოლმე ცუდი კლანჭებიდან. მთელი ცხოვრების არსი ის არის, რომ იცხოვრო როგორც შეგიძლია, იცხოვრო სიყვარულით და იყო ბედნიერი!
ამას გვასწავლის სწორედ ეს წიგნიც. იყავით ბედნიერები… ❤
დიდი მადლობა მთარგმნელს ნინო შეყილაძეს (პოლის) და ირაკლი ბაკურიძეს (ასლანს) ამ შესანიშნავი წიგნისთვის, დიდი მადლობა რედაქტორებსა თუ დიზაინრებსაც, კიდევ უამრავთ, ვისაც ამ წიგნთან ჰქონდა შეხება და დარჩნენ ინკოგნიტოდ, სცენის მიღმა. დიდი მადლობა ამ წიგნის ასე კარგად მოტანისთვის ჩვენამდე, ასე ხარისხიანად. ხოდა ჩვენც რა დაგვრჩენია? წავიკითხოთ პირველი, დაველოდოთ მეორე ნაწილს.. პირადად მე ძალიან მინდა გავაგრძელო კითხვა და აუცილებლად პირველი ვიქნები, როცა პრეზენტაცია დაიგეგმება კვლავ…
Like this:
Like იტვირთება. . .