ერკე მიდასი – დამეხმარეთ!

23471918_1492375234214148_6999314056086462709_n

ერკე მიდასი დაბრუნდა და გთავაზობთ ახალ ლექსს, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ნაგვის ურნის დანახვისას ჩაფიქრების შედეგი აღმოჩნდა, რომელსაც დიდი არაფერი, მაგრამ ერთი სიტყვა ეწერა – მშია.

 

 

 

 

 

 

 

დამეხმარეთ დეიდებო, ძალიან გთხოვთ ან ბიძია

თუმც მცირედით, სული მეწვის, არ მაქვს მეტის ამბიცია,

მსურს სიცოცხლე, თუ ვიცოცხლებ, ბედმა თვითონ ამირჩია

სული მეწვის, გულის ფეთქვის ხმაც კი მესმის, მშია, მშია!

 

თავისთავად, ყველაფერი მე სიგიჟით დამიტყვია,

არ მიშველის არც წამალი და არც ერთი წამით ტყვია,

გული ფეთქვას განაგრძობს და მიკვირს როგორ დამინგრია

ეს ცხოვრება ერთმა წელმა, გაქრა რაც კი ამიგია.

 

სიყვარული, მოგცეთ ღმერთმა, ხალხო მეწვის სული, მშია

დაგვტრიალებს და გვაცდუნებს ჩვენ ყოველთვის, ფულის ჭია,

ეს იქნება ჩემი გეზი, ჩემი ბედი, ცრუ მისია

სჯობს დავწერო სურვილების საკმარისად სრული სია.

 

სახლში, ბავშვი მყავს სარჩენი, ის არს ჩემი განაჩენი,

დამეხმარეთ რომ უფალსაც ვთხოვო წილი, დანარჩენი

მინდა ფიქრი უდარდელად, დრო აზრიანად ნარბენი,

გავუღიმო სამყაროს და მოგვცეს ნება აქ დარჩენის.

 

თუ ვტყუოდე, განვუტევო სული, აქვე და ახლავე

თამამად თქვენც კი შეგთხოვდით: – ასი ტყვია დამახალეთ,

კეთილშობილ საქმეს იზამთ, ხუთი თეთრით დამეხმარეთ,

სულში მიძვრა შიმშილი და ცრემლით ყოველ ღამეს ვათევ.

 

ახლა იშვე, ამ ქვეყანას, ალბათ ძალზე საშიშია,

ნუ დაგყვება იმედად, რომ გადაიფრენ პარიზშია

თვალი უნდა გაახილო, ქრება ყველა ამბიცია

აქ იშვები და შიმშილი გძებნის, ხალხო, მშია, მშია!

ე.მ.

10 ნოემბერი 2017

Advertisements

დღევანდელი ბლოგი გერჩივნოს, ხვალინდელ საიტსო!

Home-Sweet-Home-2

ახლა, თბილად მოკალათებული ვზივარ ხელში ყავის ჭიქით ჩემს სამყაროში და ულამაზეს, ჯადოსნურ მთებს ვუყურებ, რომელიც თვით ერკემიდასის მშვენება და სიამაყეა. ამ მთებიდან დაედო სათავე, ყველა იმ ზღაპარსა თუ გმირის წარმოშობას, რომელიც ერკემიდასის სამეფოში მოიაზრება და ამ მთებმა შვა დიდებული მეფე, ათასი წლის წინ, სახელად “ქირმიშანი”, რომელიც ამ ენაზე ანგელოზს და ღვთაებას ნიშნავს. პირველი მეფე, რომელიც მამაკაცი არ გახლდათ და იყო ქალი, წარმოშობით იმ სოფლიდან იყო, რომელიც ამ მდიდრულ მთებთან ახლოს მდებარეობდა, პირდაპირ მის ძირში. სოფლის მოსახლეობა კი ათას კაცსაც კი არ აღემატებოდა.

ვზივარ, გვერდზე მითების წიგნი გადამიშლია, რომელიც ძველ ამბების გახსენებაში მეხმარება და ვიხსენებ ძველ გმირებს, რომლებიც ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან დრაკონებსა და დევებს ებრძოდნენ, იმ ერკემიდასის შავ რაინდებს, რომელთა ბოროტებაც ყველაფერ საზღვრებს სცდებოდა. გული მიკვდება, ამ ბოროტების გახსენებით. ერთმა თავისი ოჯახი ბნელ რაინდს გადასცა, იმისთვის რომ მეფედ ეკურთხათ და ამ მიზანსაც მიაღწია, მისი ოჯახი კი ცეცხლში დასაწვავად გაიმეტა. კიდევ იყო მსგავსი რამდენიმე შემთხვევა, მცირეოდენი გადახვევებით და განსხვავებით, პრინცმა ჯაფიტომ, რომელიც ტახტზე ოცნებობდა, როგორ მოიშორა საკუთარი ძმა და მტრებს თავისი ხელით მიჰგვარა, შემდეგ კი მამა გაისტუმრა საიქიოს, ცოლად მისი და, მზევინარი მოიყვანა და სულ ძალით ოთხი შვილი, ოთხივე ბიჭი გააჩენინა, რომლებსაც მეფეებად ზრდიდა. არა კონკურენტებად, არამედ ერთმანეთის მოკავშირეებად. პლანეტა ერკემიდასი ოთხ ძირითად სამეფოდ დაიყო, რომელთა სათავეში თითოეული ძმა ჩადგა ჯაფიტოს სიკვდილის შემდეგ (მისი სიცოცხლე ისედაც თვეებს ითვლიდა, როცა უეცრად ერთ-ერთმა გაბედულმა ჯარისკაცმა და მეამბოხემ, მეფის ამალა გაარღვია და უკიდურესი სიზუსტით დანა რამდენიმე მეტრიდან პირდაპირ გულში დაასვა).

ამ მაგალითების ჩამოთვლას რომ მოვყვე, ვერ გავჩერდები, რადგან ეს უსასრულო სია, მტრობის, სიყვარულის, ღალატის და სიკვდილ-სიცოცხლის ამბებია. ბევრი რამის შემსწრე გახდა ერკემიდასი, ბევრი სისხლი დაღვრილა მასზე, ბევრიც აღმოცენებულა, გამდიდრებულა, გაბედნიერებულა და ბევრსაც უმოწყალოდ მოკვდომია შვილი, შვილიშვილი, საყვარელი ქალი ან მამაკაცი. აქ გამოუსალმებიათ ოჯახის წევრებს ერთმანეთი, აქ მტრებს სწვევიათ სიყვარული, მოღალატეები ჯვარზე გაუკრავთ, მოკავშირეებისთვის კი მოღალატეობა დაუწამებიათ. აქ დედებისთვის გამოუტაცებიათ ახალშობილი ბავშვი და ცეცხლში ჩაუგდიათ, აქ სიყვარულის სადღეგრძელო უსვამთ და მეორე დღეს მტრები გამხდარან, აქ სამარადისო სიცოცხლის მოზიარენი გამხდარან და მაინც, ფიქრებ მუდამ ერთ რამეს სტრიალებენ, რასაც ვერც ერთი ვერ განუდგება, რასაც სიტყვები არ ეყოფა და დარჩება ისევ ისეთი წმინდა, როგორც ახალშობილის გული.

ფანჯრიდან არკანურის მთებს გავცქერი, ამ დიდებულ ქმნილებას, თითქოს სიცოცხლით სავსესაც, რომლის სუნთქვას ღამღამობით ფრთხილი ამოსუნთქებითაც კი გაიგებ და სიამაყით ვივსები ამ დიადი წარსულის წინაშე, რომლის წინაშეც ჩემს ერს ქედი არ დაუხრია. ვფიქრობ საყვარელ ადამიანზეც, რომელიც შორს, დედამიწაზე მელოდება და ვფიქრობ სიყვარულზე.

ამ ბოლო ხანებში ამ საკითხებზე ფიქრმა გამიტაცა, ხშირად მესიზმრება ჩემს თავში გამოძერწილი არსებული, მაგრამ ჩემ მიერ ხორცშესხმული და სახემიცემული გმირები, რომლებსაც ჩემი საყვარელი ადამიანების სახე აქვთ და მე ისინი ძალიან მეძვირფასებიან. გულში ბოღმა ჩადებული ხალხი აქაც მრავლადაა, მაგრამ სიყვარული – ეს ერთი სიტყვა ჯაბნის და მითი სიყვარულის ჯადოქარზე, რომელიც შეიძლება არც არის მითი და ერკე მიდასი, მაინც არსებობს, ყველას გულებში, შორს შორეულ აკლდამებში, მაგრამ არსებობს და ის სათითაოდ ყველას მიაკითხავს როცა დრო მოვა.

ძვირფასო მკითხველებო, გადავწყვიტე, რომ დღევანდელი ბლოგი მერჩივნოს, ხვალინდელ საიტს, ასე რომ ჩემი საქმიანობა, ამ მონატრებულ ჩემს ნაღვაწ და ნამოღვაწარ ბლოგზე გაგრძელდება!

მიხარია დაბრუნება. ერკემიდასის მკვიდრნო, მოგესალმებით!

დედამიწავ გამარჯობა!

www.Ercke.ge

screenshot_5431

მეგობრებო, კოლეგებო, ნათესავებო, ჩემო ძვირფასო თუ არაძვირფასო ადამიანებო, ჩემთვის კარგის მსურველებო ან უბრალოდ გვერდიდან რომ აკვირდებით სეირს, უცნობო ადამიანებო, რომლებიც ახლა, ან მომავალში გამიცნობთ, თქვენთვის გზავნილი მაქვს:

www.ercke.ge

გაიხსნა და ჩაეშვა ახალი საიტი თქვენთვის!

ლინკზე გადასვლისას, თქვენ აღმოჩნდებით სრულიად ახალ სამყაროში, სადაც ყველაფერი შესაძლებელია: მარადიული სიცოცხლე, სიყვარული, ბედნიერება, სამყარო სადაც ყოველ ჩვენგანს აფასებენ და უყვართ. ერთი სიტყვით, თქვენ ხვდებით სამყაროში, სადაც სიყვარული ერთადერთი კანონი და წესია. მართალია ბოროტი ჯადოქარი, რომელიც სადღაც დათარეშობს, ისევ არსებობს და არ დამარცხებულა, მაგრამ როგორც კი გამოჩნდება და ყველაფერს ავს შემოიტანს ჩვენს სამყოფელში, მას მაშინვე გაძევება და განადგურება ემუქრება, ისევ ჩვენგან… მაგრამ ჩვენ სიყვარულით და ერთად დგომით თუ დავამარცხებთ და არა იგივე ძალებით, შურისძიებითა და ბოროტებით.

ჩემი ბლოგის მკითხველნო! ყველანი მიყვარხართ და გეპატიჟებით ახალ, სრულიად რეალურ სამყაროში, სადაც ერთმანეთს ოცნების ასრულებაში ვეხმარებით. ჩემი მიზანი ბავშვობიდან, 14 წლის ასაკში გამიჩნდა, მსურდა აღიარება, ცნობადობა, პოპულარობა! მსურდა, რომ ყოველ გამვლელს ჩემზე თითის შვერით – ეს ის არ არის? – ეყვირა და ასე ბედნიერი ჩემკენ ჩასახუტებლად გამოწეულიყო. მე ჯერ კიდევ მაშინ ვფიქრობდი, ყველას ჩემიანად მივიღებდი, ჩემი სამყაროს უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს ნაწილად, და არ განვასხვავებდი ნაცნობს, უცნობისგან.

“რადგან ქუჩაში მიცნობს უცხო ადამიანი, ესე იგი ჩემი რომელიმე მოთხრობა, წიგნი ან ლექსი ექნება წაკითხული, ან უბრალოდ ჩემი სურათით დავამახსოვრდი, მეგობრისგან გამიცნო, ყოველშემთხვევაში ჩემს რაღაც ნაწილს იცნობს და ჩემს სულში შემოიჭრა, მაშასადამე ჩემთვის უკვე უცხო აღარაა და ჩემი სამყაროს მკვიდრი გახდა!” – ცოტა მოგვიანებით, წლების შემდეგ ეს დედაჩემს ვუთხარი, მართალია ამაზე გაეცინა და სერიოზულად არ აღიქვა, მაგრამ მე სრული სერიოზულობით ვთქვი და ვამბობ.

ყოველი თქვენი დადებითი ემოცია მიყვარს, თქვენი სიგიჟით სავსე თვალები, როცა ჩემს რომელიმე ლექსზე ან მოთხრობაზე საუბრობთ აღტაცებით. მე ყველაფერი მიყვარს თქვენი.

ბევრს აღარ გავაგრძელებ, ჩემი ახალი საიტი!

სამყარო ერკე მიდასისა – www.Ercke.Ge

პლანეტა ერკემიდასი  –  www.Ercke.Ge

მობრძანდით! ასევე ვაანონსებ, რომ ვისაც გამოწერილი გაქვთ ჩემი ბლოგი, შეგიძლიათ შემოხვიდეთ საიტზე, დარეგისტრირდეთ და გახდეთ სრულუფლებიანი წევრები! ერკემიდასი თქვენ გელით, უამრავი სიურპრიზითა და სიყვარულით.

 

ამ ბლოგზე პოსტები აღარ განთავსდება!

კეთილი იყოს შენი ახალ სამყაროში, პლანეტა ერკემიდასზე მობრძანება. გაერკემიდასდი და მიიღე სამარადისო ცხოვრება საჩუქრად! საიტი ოფიციალურად გაიხსნა და შეგეძლებათ ვარსკვლავებს მიწვდეთ.

                                   გაერკემიდასება!

 

სტრუგაცკები – მართლა “ძნელია ღმერთობა”

shop_product_image_138766“ადამიანის არსი ყველაფერთან შეგუების განსაცვიფრებელი უნარია. ამქვეყნად არაფერია ისეთი, რასაც ადამიანი ვერ შეეჩვევა. არც ცხენს, არც ძაღლს, არც თაგვს ამის უნარი არ გააჩნიათ. ღმერთი, როცა ადამიანს ქმნიდა, ალბათ ხვდებოდა, რა ტანჯვისთვისაც იმეტებდა და ძალისა და მოთმინების ულევი მარაგი მისცა. ძნელი სათქმელია, კარგია ეს თუ ცუდი. ადამიანი ასეთი მომთმენი და ამტანი რომ არ ყოფილიყო, კეთილი ხალხი დიდი ხნის წინ გადაშენდებოდა და ამქვეყნად მხოლოდ ბოროტები და უგულოები დარჩებოდნენ. მეორე მხრივ, მოთმინებისა და შეგუების ჩვევა ადამიანს პირუტყვად აქცევს, რომელიც, გარდა აგებულებისა, არაფრით განსხვავდება ცხოველებისგან და ამასთან, მათზე გაცილებით უმწეოა. და ყოველი დღე ბოროტებისა და ძალადობის ახალ-ახალ საშინელებას შობს.” – ექიმი ბუდახის სიტყვებით დავიწყებ, სხვაგვარად არ შემიძლია, რადგან ამ სიტყვებმა და კიდევ რამდენიმე დიალოგმა ისე მომხიბლა ვერ წარმოვიდგენდი ასეთ გენიალურ შედევრს თუ წავაწყდებოდი, როგორიც “ძნელია ღმერთობა” იყო! Continue reading

სიკვდილით განკურნება – ანუ ერკე დაბრუნდა

shop_product_image_161283ერკე დაბრუნდა, ცოტა არ იყოს დიდი შვებულების აღება გამომივიდა და იმედია მომიტევებთ, ლიბერთინსელებო და ჩემო ძვირფასო მკითხველნო. სწავლის დაწყება ყოველთვის წიგნთან დიდი ხნით დამარტოხელებას ნამდვილად უშლის ხელს, რაც მაღიზიანებს და მაგიჟებს ხოლმე, მაგრამ მოთმინებით ვიტანდი და ბოღმას ყველა უნივერსიტეტდამთავრებულზე და უსაქმურად ფეხი-ფეხზე გადადებულ, უკვე “გაზრდილ” უსაქმურ კაცზე არ ვანთხევდი. Continue reading

მე და საქართველო

123132

მე ყოველთვის იმ საქართველოს ნაწილი ვიყავი, სადაც ხალხში თავისუფალი აზრი არ არსებობდა, სადაც ყველა ერთმანეთის დაჭმასა და დამცირებაზე იყო გადასული, და იმის ნაწილი თავისთავად ვხდებოდი, ჩემი სიჩუმის გამო. ცხოვრება რთულია, რადგანაც ყველანაირი ადამიანი ცხოვრობს და უამრავი ცხოვრება იკვეთება ერთმანეთთან. უამრავი გზა, ერთმანეთის და მათი სიმთვრალით და დაუფიქრებლობით გაჟღენთილი ცა, ჰაერი, მათი შურიანი და ანთებული თვალებით დაბინძურებული ქუჩები, ერთმანეთის განცდებით მცხოვრები ადამიანების გზებიც იკვეთება და მე ამ ყველაფერს ჩუმად ვადევნებ თვალს, ამ გულისტიკივლს, დამამძიმებელ მწუხარებას და ყოველმხრივ ფაქიზ გარემოს არ უხდება მოჩხუბართა გინება, ერთმანეთისთვის მუქარა და არც უხდება იქვე, გზის ნაპირას „ბარდიულზე“ ჩამომსხდარი უბნის ლოთები, რომ სვამენ ლუდს და თან ლაპარაკი უწმაწური სიტყვების გარეშე არ შეუძლიათ. Continue reading

სიყვარულია ჩვენი სიმდიდრე

არსებობს ადამიანების ორი კატეგორია:

ისინი ვისაც არაფერი გააჩნია და ნატრულობს მეტს – კარგ სახლს, უამრავ ფულს და მრავალფეროვან საინტერესო ცხოვრებას. ხშირად ასეთ ადამიანებს აქვთ ყველაზე ღირებული, რამ რის დაფასებასაც ვერ სწავლობენ.

და ისინი ვისაც ყველაფერი აქვთ და ყველაფრის ყიდვა შეუძლიათ, მაგრამ არ აქვთ სიყვარული, რომელსაც ბოლომდე მიენდობიან და მასშივე ჩაიძირებიან სამუდამოდ. შეუძლიათ იყიდონ ყველაფერი, მიიღონ რაც სურთ და აისრულონ ნებისმიერი კაპრიზი რაც კი მოუნდებათ და აუსრულონ მასაც, ვინც ჰგონია, რომ მისია და რომ ეს არის ის, ვინც სჭირდება – მისი ცხოვრება. მაგრამ მათ კარგად იციან, ან არ იციან და ვერ ხვდებიან, რომ სიყვარულს ვერ იყიდი ფულით, ვერც წოდებით, ბრძანებით ან მუქარით მოიპოვებ მას.

ასეა, რაღაც უნდა დათმო, რომ მიიღო სასურველი. ცხოვრება არასდროს შეგიბრალებს შენ თუ არ შეიბრალებ საკუთარ თავს და არ ისწავლი დათმობას, უფრო მეტის მისაღებად.

რა განსხვავებაა ამ ადამიანებს შორის?

არც არანაირი!

მდიდრებთან ქონების გამო არიან ხოლმე, ძირითადად. მათთან კი ვისაც არაფერი გააჩნია მხოლოდ ნამდვილი სიყვარული თუ ძლებს. შეიძლება დაკარგო ქონება, მაგრამ სიყვარული მაინც ვერ იპოვო, მაგრამ ასევე შეიძლება საყვარელი ადამიანის გვერდში დგომითა და სიყვარულით შეიქმნა მომავალი…

ბედნიერება წვრილმანებშია, ერთმანეთის სიყვარულში და მაშინ ვერც კი მიხვდებით ისე გაივლის მთელი ცხოვრება ტკბილად. ადამიანი მაშინ კი არ არის ბედნიერი როცა მეტი აქვს, არამედ მაშინ როცა ცოტა აკმაყოფილებს.

იდეალური ცხოვრება არ არსებობს, ყველაფერს აქვს ნაკლი, თავისი მინუსები, რომელთაც თვალს ვერ ვუსწორებთ.

სიყვარულია ჩვენი სიმდიდრე და სხვა ქონება ადამიანს არც კი სჭირდება. სიყვარული… სიყვარული… სიყვარული ყოველთვის…

ლორენ ოლივერი – დელირიუმი (ამორ დელირია ნევროზა)

14041127502სულ ვფიქრობდი და ვამბობდი, რომ ადამიანმა უნდა ნახოს, განიცადოს უსიყვარულობა, რომ არასდროს მოუნდეს ასე ცხოვრება, რომ უფრო მეტად დააფასოს სიყვარული და მისი არსებობა-მეთქი. ამას იმიტომ ვამბობდი, რომ მინდოდა დამეწერა (და ახლაც მინდა), წიგნი რომელიც იქნებოდა ადამიანთა ბოროტებაზე, მათ შეცდომებზე, ქცევებზე, ხშირად ყველასგან გასაკვირ გულგრილობაზე და მათ გრძნობებზე, ოღონდ სიყვარულის გარეშე და როცა ამ წიგნის შესახებ გავიგე, ცოტა შევშინდი კიდეც.

“ვაითუ დამასწრო?” – გავიფიქრე მაშინ და ახლაც მახსოვს ის გრძნობა, როგორ მომწყდა და ყველაფერი ქვესკნელში დაინთქა. თითქოს ჩემს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა და ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი ამოცანა, ანუ ის რის გამოც ამდენს ვმუშაობდი, ამდენს ვწერდი (ამას კი სწორედ ამ წიგნის გამო ვაკეთებდი, რომლითაც ხალხს დავანახებდი რა საშინელებაა ცხოვრობდე სიყვარულის გარეშე) უკვე დაწერილი აღმოჩნდა. სიმართლეს გეტყვით, რომ ამ წიგნის ქართულად გამოსვლას სწორედ ამიტომაც ველოდი ასე მოუთმენლად და ხელში როცა ჩავიგდე მაშინვე მისი სულმოუთქმელად კითხვა დავიწყე.

არ მახსოვდა მეგობრები, არც სოციალური ქსელი, არც ტელეფონი და სხვა რაიმე ცივილიზაციასთან დამაკავშირებელი ნივთი თუ მოწყობილობა. მთელი დღეები მის კითხვაში ვეფლობოდი და ერთი სული მქონდა როდის დავამთავრებდი. განა იმიტომ რომ მასზე დამეწერა ან უბრალოდ გული დამემშვიდებინა ეს წიგნი, ჩემს დაუწერელ წიგნს არაფრით ჰგავს-მეთქი, ან იმის გამო, რომ სხვა წიგნის კითხვა დამეწყო. მეტიც, ამ წიგნს შიშით ველოდი და მართალია მაშინვე დავიწყე და მართლა ჩამითრია და თავი სწრაფად ჩამაკითხვინა, მაგრამ კითხვისას სხვა მოტივიც მამოძრავებდა, რაც ზევითაც ვთქვი, ამიტომ მე მორიგი მკითხველის თვალით არ ვკითხულობდი ამ წიგნს და “დელირიუმი” ჩემთვის უმნიშვნელოვანესი წიგნი იყო, არის და იქნება, რადგან მას შეეძლო ჩემი მომავალი ბედის გადაწყვეტა, ჩემი მომავლის აშენება ან დანგრევა და სწორედაც ასე მოხდა.  Continue reading

ემილი ბრონტე – ქარიშხლიანი უღელტეხილი

shop_product_image_121007ჩემს მრჩევლებს დავუჯერე, რომელიც თავის დროზე ამ წიგნის წაკითხვას მირჩევდნენ და ბიბლუსის გალერეაში წავაწყდი თუ არა ხელი ვტაცე, დავჯექი იქვე და კითხვა დავიწყე. სამი დღე ერთად დაუვიწყარი დრო ვატარეთ, არ გჯერათ?

მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. “ქარიშხლიანი უღელტეხილი” უბრალოდ საოცარი წიგნი იყო. სიძულვილის ამბავი, რომელიც გთრგუნავს, მაგრამ ამავე დროს მაინც არ ანებებ თავს კითხვას. გინდა, რომ ბოლომდე ჩახვიდე და წიგნს მოწყდე – ეს შეუძლებელია…

მიუხედავად შემაძრწუნებელი ისტორიისა, მე ეს წიგნი შემიყვარდა და მინდოდა, რომ არასდროს დამთვრებულიყო, თან მაინც თუ დამთავრდებოდა, ვნატრობდი კეთილად და კარგად დამთავრდეს-მეთქი, ყოველ წუთს ჩემი გულის გამალებული ძგერა მესმოდა, ვიჯექი მთელი დღის განმავლობაში, ამასობაში კი ხან ვინ შემოდიოდა და ათვალიერებდა წიგნებს ან ყიდულობდა, ხან ვინ… მე ხანდახან თვალსაც კი გავაყოლებდი (აბა ისე როგორ?!) და წამძლევდა ცდუნება იმის გაგების, თუ რა წიგნი აირჩია საყიდლად, ან რა წიგნს კითხულობს ჩემს გვერდზე მჯდომი ბიჭი ან გოგო. Continue reading

დაბადებისა და სიკვდილის, სიცოცხლის საიდუმლო

Bosrand met hek (Forest Meadow with Fence)

“ადამიანს, ერთი სიცოცხლე სჭირდება, იმისათვის რომ გაიგოს როგორ იცხოვროს.” – მეტროთი მგზავრობისას მოვისმინე ეს ფრაზა, როგორ ეუბნებოდა ერთი ხანში შესული კაცი, დიდი ულვაშებითა და თეთრი თმით, მეორე მის ამხანაგს, ასევე დაბერებულს, მაგრამ ახალგაზრდული სულისკვეთება გადმოიღვრებოდა მისი ჭურჭელიდან. მოლაპარაკე დანანებით ამბობდა ამ სიტყვებს, ხელი გაზეთზე ედო, თეთრი პერანგი და კარლსონის მსგავსი შარვალი, მხრებზე დამჭერებით.

ამან გამიჩინა სურვილი, რომ გამეგო რა უდევს ადამიანს სულში, რა წინასწარი ბედი აკავშირებს მას ცხოვრებასთან და როგორ სასაცილოდაც არ უნდა გეჩვენოთ, მინდოდა ამ საიდუმლოებების ამოხსნა. რატომაც ვცხოვრობთ ჩვენ დედამიწაზე, რა მიზნით შეიქმნა გალაქტიკა და პლანეტები, რა მიზნით შეგვქმნეს ჩვენ და რატომ მოვევლინე ამ სამყაროში მე.

ნუთუ არ გაწუხებთ ეს კითხვები? საკუთარ თავში ჩაიხედეთ, დაფიქრდით და ისე მიპასუხეთ. არ ფიქრობთ ხოლმე სამყაროს შექმნის მიზეზებზე და იმაზე რატომ გავჩნდით ამქვეყნად?

სამაგიეროდ მე ვფიქრობ. თითქოს რაღაც არ მასვენებს და მინდა, რომ ყველაფერი გავიგო ამ უცნაური საიდუმლოებების შესახებ. საიდუმლო უამრავი არსებობს, მაგრამ მე კონკრეტულს ვეძებ, არა ადამიანის მიერ დამარხულს გულში, არამედ იმ სამყაროს საიდუმლოს, რომელსაც თითქოს ვერ ჩავწვდომივართ მთელი ამ ხნის განმავლობაში. სამყარო გვიმალავს ბევრ რამეს, მაგრამ ბევრსაც გვიჩენს და ნათლად ვხედავთ, რის გამოც დასკვნები გამოგვაქვს. სწორი, არასწორი ეს არავინ იცის. გულის სიღრმეში ყველა ადამიანი მართალია, მაგრამ სამყაროს თვალით შეიძლება ყველანი ვცდებით და ილუზორულ სამყაროსკენ კარიბჭეს ვეძებთ, ვეძებთ იმას, რასაც ვერასდროს მივაგნებთ, მაგრამ ასევე ვერაფრით დავჯერდებით მუდმივ დგომას ერთ ადგილას და მუდმივ უცოდინრობას. ისე ვართ მოწყობილები, რომ რაც უფრო მეტს გავიგებთ, მით უფრო მეტი გვინდა, რაც უფრო მეტს ვიშოვით, მით მეტს ვეძებთ და ჩვენთვის არაფერი კმარა, თითქოს დაწყევლილები, ან მოჯადოებულები ვიყოთ, მუდმივი ძიების პროცესში, მაგრამ მნიშვნელოვანს ვერაფერს ვაგნებთ. ესეა ჩაფიქრებული ვარსკვლავებისა და ღმერთის მიერ, ასე ჩაიფიქრა განგებამ. განგება – არსებობს კი ის? Continue reading