სტივენ კინგი – შინაური ცხოველების სასაფლაო

არანაირი “სპოილერი!”

ადამიანის ფიზიოლოგიაში ერთ-ერთი ძლიერი და სასტიკი ჰორმონია შიშის ჰორმონი, ადრენალინი, რომელსაც ადამიანის ენდოკრინული სისტემა გამოყოფს. იგი მძაფრ განცდებს, მძაფრ შეგრძნებებს იწვევს ჩვენში, რაც ზოგისთვის ტრაგიზმად არის მიჩნეული, ზოგს კი სიამოვნებით ავსებს. როგორც, მაგალითად მე. შიშის გარემოებებიდან ჩნდება უამრავი ფობია, ფრაზა, როგორიცაა “შიშით გული წამივიდა”, “ქვეშ ჩავისველე” ან მისთანები, მაგრამ რაც მთავარია შიში, ეს არის ფაქტორი და მთავარი რეალური ფაქტორი იმისა, რომ შევიგრძნოთ ადამიანობა.

გვეშინია, მაშასადამე თავს ვგრძნობთ ადამიანად.

სტივენ კინგი კი, რომელიც ამ საქმის დიდოსტატია სწორედ თავს ადამიანად გვაგრძნობინებს, მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველგვარ მის ფობიასა თუ შიშის ანომალიას ტანში სიამოვნების ჟრუანტელად ვიღებ და ამაზრზენი მისი სცენაც კი ნამდვილ ეიფორიაში მამყოფებს მაინც მიმაჩნია, რომ შიში ადამიანობის მთავარი ფაქტორია. ამ შეგრძნებების არარსებობა მხოლოდ რობოტში, ადამიანის შექმნილ მანქანაში ან ადამიან ზომბში შეიძლება ვივარაუდოთ. რაც ასევე არაა გამორიცხული და სრულიად მოსალოდნელია. (ადამიანებს ბევრიი რამის სჯერათ, სწამთ, აქვთ რწმენა და მაშასადამე არ გამოვრიცხავ ზომბების, ვენდიგოების და ცოცხალი მონსტრების, ან ჩვენ შორის სულების ბორიალის შესაძლებლობას, რომელნიც მშვიდად დაიარებიან, თუმცა ელოდებიან მომენტს, როდის შეძლებენ თავს დაგვესხან, როდის შეძლებენ კვლავ ჩვენი დახმარებით მოევლინონ ქვეყნიერებას და ა.შ.)

დიდი ძალისხმევა დამჭირდა პრეზენტაციაზე მოსახვედრად, სამსახურიდან ერთი საათით გავეთავისუფლე და მაინც შევძელი მისვლა (აბა ამ დღეს გამოვტოვებდი?) და ჩემზე ბედნიერი იმ დღეს არამგონია ვინმე ყოფილიყო. ვნახე ჩემთვის ნაცნობი და ძვირფასი ადამიანები, დავესწარი საშიში ისტორიების დაჯილდოვების ცერემონიას, მთარგმნელების საუბარს წიგნზე “ბნელი კოშკი” და წიგნზე “შინაური ცხოველების სასაფლაო”. გავიგე უამრავი ახალი ინფორმაცია ამ წიგნებზე და თავად კინგზე. ჩატარდა ვიქტორინა სადაც მეც შევძელი და მოვიგე ორი ბილეთი ფილმის პრემიერაზე დასასწრებად.

დრო არ დამიკარგავს და ჯერ კიდევ პრეზენტაციაზე დავიწყე წიგნის კითხვა, და სახლში მისულს გავაგრძელე მაშინვე.

ეს წიგნი, შიშის რეალური განცდებით არის სავსე. მასში ერთმანეთშია შეზავებული სიყვარული, ნაღველი, მწუხარება, თრთოლვა, შიში. ეს იმდენად ერწყმება ერთმანეთს, რომ გულის კანკალი გეწყება, გაჟრიალებს და გრძნობ, როგორი დაუცველი ხარ მისტერიული რეალობისგან, რომელსაც გიქმნის ავტორი და გრძნობ, როგორ მთლიანად გსუსხავს მისი ეკლებივით შეგრძნებები და ეშმაკისეული ოინები. აღწერაც იმდენად ოსტატურადაა გაკეთებული ყოველი დეტალის, რომ რაც არ უნდა უშიშარი იყო გულს მაინც აგიჩქარებს და ტანში ჟრუანტელის ცეცხლს გაგიტარებს, როგორც მემართებოდა მე. მთლიანად წიგნში ვიყავი და მთელი ძალით “ვბალეშიკობდი” – მიდი ლუის შე არაფრის მაქნისო, ან მიდი ჯად! მიდი მოუღე ბოლო იმ …” და ასე შემდეგ, გონებაში გავკიოდი და ბოლოს კინგი მაინც გაოცებულს მტოვებდა. დასასრულ ჟამს კი კვლავ ჩემი პირდაღებული მდგომარეობა შერჩა სანახავი სტივს.

სტივ, შე ბებერო გაიძვერა. მაინც შეძელი ჩემი გაოცება და გილოცავ. ეს კიდევ ერთხელ მოახერხე. როდემდე უნდა ითამაშო ჩემს ნერვებზე და ჩემს ემოციებზე, როდემდე უნდა შეეხო ჩემს გულს და კიდევ უფრო შემაყვარო თავი? აღარ უნდა შეწყვიტო წერა ან ჩაძაღლდე? ჩაძაღლება მოიცდის. ჯერ ჩემთან უნდა ჩამოფრინდე, ჩამეხუტო, მომილოცო გამარჯვება (ჩვენ რომ ვიცით) და შენი საყვარელი ამბები მომიყვე. ბოლოს კი თავზე ხელი დამადო, მეორე მხარზე მაგრად მომიჭირო და შენი მთელი ენერგია და ნიჭი, უნარი რომლის წყალობითაც ასეთი გენიალური ხარ და ასევე იღბალი (იღბალიც მთავარია მეგობარო, სხვა მხრივ არაფერი გამოვა. მაგალითად, იღბალი არაა ასეთი მშვენიერი ცოლი რომ შეგხვდა, კერი ნაგავში რომ არ გადაგაგდებინა? გილოცავ) გადმომილოცო უანგაროდ და მითხრა. ახლა შენი ჯერია გახდე ადამიანთა შიშის მიზეზი და შენი ჯერია იყო კინგი…

მადლობა მეგობარო.

სტივენ კინგის სახელით ვიტყვი, რომ ეს რომანი, რომელიც ბევრს უკვე წინ გიდევთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტს მისი არსებობაც არ გაგიგონიათ, ხელი უნდა დაავლოთ და თაროდან გადმოიღოთ, თუ არადა ჯერ შეიძინოთ და მაშინვე კითხვას შეუდგეთ. (ჩემთვის ერთ-ერთ გამორჩეული წიგნია ასევე “მწვანე გზა”, “მიზერი” “ნათება” და კიდევ ბევრი სხვა, მაგრამ “შინაური ცხოველების სასაფლაო” არის წიგნი, რომლის მიღმაც იმალება უამრავი საიდუმლო და უამრავი დაუცველი შეგრძნებები და მის იდუმალებას კი ფარდას დასასრულის შემდეგაც ვერ ახდით და ხელუხლებელი დაგრჩებათ შეგრძნება “რა მოხდა?” “დავასრულე”? ზუსტად.)

საოცარი ემოციებით სავსე კითხვას გისურვებთ.

Advertisements

ონორე დე ბალზაკი და ერკე – შაგრენის ტყავი

ca167145edff41b2de40d6d0da4faa4d

წარმოგიდგენთ, ამ ტრადიციულად მნიშვნელოვან წიგნს, რომელიც მსოფლიოში ღირსეულად იკავებს თავის ადგილს და წოდებას, და სწორედ ღირსეულად მოხვდა 50 წიგნში ნომერ პირველ წიგნად, დიახ, ის მართლაც ღირსი იყო ამ პატივის, ვინაიდან და რადგანაც ამ წიგნის კითხვისას ხვდები რაოდენ უძლური ხარ ამ სამყაროში და მცირე, რაოდენ ძალაგამოცლილი და ჩია. თითქოს ზღვაში წვეთზე კიდევ უმცირესი, მაგრამ მონდომების ჟამს, მაინც ძალგიძს რაღაცის მიღწევა, მაგრამ სამყაროსთვის ეს უმნიშვნელო ფაქტად და მოვლენად რჩება მხოლოდ. Continue reading

დღევანდელი შემთხვევა ჩემში დარჩება 06.02.2018

740f0b213270ceb90ddb12dd3c9aba82
   დღეს სამსახურისგან ვისვენებდი და ვტკბებოდი რუსთაველის გამზირზე სეირნობით, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვითა (თუ სუფთა ეთქმის) და თავისუფლად ყოფნით, სანამ დრო მქონდა. ვსეირნობდი და ვათვალიერებდი რაღაც-რაღაცებს. შემდეგ ისევ სახლისკენ მიმავალ გზაზე სითი მოლში შევიარე და იქაც სხვადასხვა ნივთებს ვათვალიერებ, საათებს,ტელეფონებს, სხვადასხვა აქსესუარებს, ბეჭდებს, საყურეებს და მათ ფასებს ვუყურებდი. ამასობაში ბიბლუსის ჯერიც მოვიდა, მივადექი და ცდუნებას ვერ გავუძელი, გამოსვლას ვაპირებდი უკვე, რომ მაინც შევიჭყიტე და ჩემს საყვარელ საქმიანობას წიგნების თვალიერებას და მათ არჩევას შევუდექი. კვირის ტოპ შეთავაზებას დავადგი თვალი, დავადგი რა, მომეწონა 29 ლარიანი წიგნის 9 ლარად შეძენის შესაძლებლობა, თუმცა ყიდვას არ ვაპირებდი. ეს წიგნი პალიტრას სამაგიდო წიგნის ათეულის ერთ-ერთი წიგნი იყო, “მითოლოგიური ლექსიკონი”, სხვა წიგნისთვის ვინახავდი თანხას და ამის გამო მის ყიდვაზეც უარი ვთქვი, თუმცა მაინც ავიღე ხელში და გადავშალე. ალალბედზე შემთხვევით გადავშალე რათა მენახა და რამე ამომეკითხა, ჩავხედე თუ არა წიგნს მაშინვე გავშრი და ჟრუანტელმა დამიარა. უცნაური წასაკითხი იყო, რაც ამოვიკითხე იმ გვერდზე, უცნაური და სასიამოვნო წასაკითხი აღმოჩნდა, გამაკვირვა ამ უცნაურმა მოვლენამაც თუ დამთხვევა შეიძლება ეწოდოს, მაგრამ დამთხვევების და აბსურდული შემთხვევითობის დიდად არ მჯერა, რადგან ეს ღმერთის უარყოფა იქნებოდა. მართალია დიდად არც უფალს ვესაუბრები ხოლმე და ვერც მასთან სიახლოვეს ვახერხებ, მოვშორდი თუ ასე შეიძლება ითქვას, მაგრამ მე მაინც მჯერა მისი არსებობის, უბრალოდ ყველაფრის არა, რასაც სხვები ამბობენ ან რისიც სწამთ, ჩემებურად მჯერა.
   თემას გადავუხვიე და რაც ამოვიკითხე ახლავე მოგახსენებთ.
   ეს ერთი სიტყვა იყო… სიტყვა “მიდასი”, რომელიც ჩემს თვალს ისე სასიამოვნოდ მოხვდა ერთი ჩამეღიმა, სიამაყის გრძნობა დამეუფლა და წიგნი მაშინვე სალაროსკენ წავიღე. დეფექტიანის გამოცვლა ვითხოვე და მაშინვე ვიყიდე. მოლარესაც კი ვესაუბრე დიდის ამბით თუ რატომ მოხდა რომ მე ამ წიგნს ვიძენდი და დაინტერესდა კიდეც.
რისი თქმა მინდოდა, მე ყოველდღე, ყოველ საათს, წუთს, წამს ვიღებ ნიშნებს, ვიღებ ნიშნებს, რომ სწორად მივყვები ჩემ გზას და სწორად მივდივარ დანიშნულების წერტილამდე. შეიძლება ხანდახან რაღაც მიზეზის გამო ვუხვევ ამ ბილიკს, მწვანე ბილიკს, რომელსაც ყველა ადამიანი გადის, მაგრამ ისევ უკან ვბრუნდები და ამის შესახებაც მინიშნებას მაძლევს სამყარო.
   მე რომ არ მომდომოდა სეირნობა, თვალიერება, რაღაცის ძებნაში რო არ ვყოფილიყავი გართული და სითი მოლშიც არ შევსულიყავი, ბიბლუსში შესვლა არ მომდომოდა, ეს წიგნი ხელთ არ ამეღო, არ გადამეშალა და ბევრი “არ” არის აქ, მაშინ ეს არც მოხდებოდა და ეს წიგნი ხელთ არ მექნებოდა დღეს. მაგრამ ამის ნაცვლად ყველაფერი მოხდა, მეც ეს ნიშნად მივიღე რომ სწორ არჩევანს ვაკეთებდი და წიგნი მაშინვე დაუყოვნებლივ შევიძინე, რადგან ისედაც ფანტასტიკის ჟანრში მოღვაწეს ნამდვილად გამოადგება…
ეს ჩემი კრედოა, მივყვები ცხოვრებას დინების საპირისპიროდ, იქით არა საითაც ყველა მიყავს დინებას, მინიშნებების გათვალისწინებით არა მხოლოდ, სიმართლე გითხრათ ეს გზაზე დახატულ ისრებს ჰგავს, რომელიც იქითკენ კი არ მიდის საითაც ყველასი, არამედ იქით, სადაც შენ უნდა წაგიყვანოს, განსხვავებული გზით, თუმცა ბოლო ერთია სამარის კარი, გააჩნია მხოლოდ იმას, რა გზით დაადგები მას, რას დატოვებ და როგორ იმოქმედებ ამ წუთისოფელში. მე ეს გზა ავირჩიე. გზა, რომელსაც ვერავინ შემაცვლევინებს თავიანთი ირონიული სიფათებითა და კეთილის მოსურნე რჩევებით დროის ფლანგვის მაგივრად სხვა საქმის მოკიდებას რო მირჩევს. ეს პოსტი თქვენ არ გეძღვნებათ. ეს პოსტი მე მეძღვნება, რადგან სწორედ მე ვარ ის ადამიანი ვინც ძალას მატებს ერკეს და მის სახელს, სტიმულს აძლევს რომ უფრო მეტი წეროს ვიდრე აქამდე წერდა და არ შეჩერდეს.
და შემდეგ ეძღვნება მათ, ვინც მართლა მისმენს, კითხულობს და მიგებს.
ე.მ.

მიხაილ ბულგაკოვი – ოსტატი და მარგარიტა

300x430_1414155439_-_1139a25c914f5f18872f8f03e72df79eარასდროს იცი, საითკენ მიგაქანებს ცხოვრების კვალი, ის მთვარის ბილიკი, რომელიც უეცრად შენი საძინებლის ფანჯარასთან გაჩნდება და მისკენ ატოტება მოგინდება, ფეხის შედგომა. ვერსაიდან იგებ, რამდენი ტკივილი და ტანჯვა უნდა გამოიარო, ამ ისედაც ნაწამებ ქალმა და ცხოვრების მანძილზე, რამდენი გერგება ბედნიერების წილი მთელ სატანჯვეთში. Continue reading

დაშნეროლოგები და ლიბერთინსოლოგები ანუ სიკვდილით განკურნების პრეზენტაცია

james-dashner-4მიმართვა, მწერალ ჯეიმს დაშნერს: ძვირფასო ჯეიმს, ალბათ დიდი ბოდიში უნდა მოგიხადო, იმისთვის, რაც გუშინ მოხდა, ხო, ხო, სწორედ იმ რვა ოქტომბრის, საღამოს ექვს საათზე, ბიბლუსის გალერეაში რომ მოხდა. არა, კი გაგიხარდებოდა, ასეთი სიყვარული რომ დაიმსახურა შენმა წიგნმა საქართველოშიც და ამდენადაც ასე აღინიშნა შენი ტრილოგიის ბოლო წიგნის გამოსვლა, მაგრამ… მაგრამ ისიც არ უნდა დამავიწყდეს, რა მოხდა ამ დღეს და რატომ გიხდი ბოდიშს.

თუმცა რატომ ვიხდი ბოდიშს, ყოველთვის მე რატომ უნდა ვიხდიდე ბოდიშებს და იმის მოლოდინში გული მიფეთქავდეს მაპატიებენ თუ არა. რატომ ვიხდიდე ბოდიშს, თუ არც რაიმე დავაშავე ან თუ ეს ყველაფერი მოხდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ იყავი საქართველოში ჩამობრძანებული ვაჟბატონო და შენი ბრალია. თან პირიქით, ალბათ უნდა გეამაყებოდეს კიდეც ასე რომ მოვიქეცი, შენ მაგივრად რომ ვაწერდი წიგნებს ხელს და “დიდი სიყვარულით ერკესგან” – მეთქი, რომ ვაწერდი. განა ჯეიმს დაშნერისგან მეთქი, ერკესგან-თქო ბიჭო და გეუბნები რა, რომ ამ საღამოს შენი როლი ვიკისრე, ზარმაცო, არ უნდოდა ფანებისთვის ავტოგრაფების დარიგება, არ ჩამოსულა საქართველოში, არ შეხვდა თავის მკითხველს და მერე კიდევ მე უნდა ვიხადო ბოდიშები ხომ?  Continue reading

მესი

20150815_234858სიმართლე გითხრათ, დიდად არ მიტაცებს ფეხბურთი, მითუმეტეს მისი ყურება. ადრინდელი უთანხმოებები ბევრი მახსოვს მასთან დაკავშირებით და ვფიქრობ ეს არის მიზეზი, იმათი ჩამოთვლით კი თავს ნამდვილად არ შეგაწყენთ.

მოკლედ – მე არ მიყვარს ფეხბურთის ყურება…

ყოველშემთხვევაში არ მიყვარდა მაინც, მანამ ამ წიგნს გადავშლიდი და კითხვას შევუდგებოდი. ის მე არ ამირჩევია, არ მიყიდია ჩემთვის და არც იმის გამო, რომ წამეკითხა, მაგრამ უბრალოდ ასე მოხდა, მაინც ცნობის წადილმა მძლია და თავი ვერ შევიკავე, რომ არ გადამეშალა.

იმიტომ რომ, შეიძლება ფეხბურთზეა წიგნი, და ფეხბურთელ “ლეონელ ანდრეს მესიზე” წერია, მაგრამ წიგნი დამეთანხმებით ულამაზესია და ნებისმიერს აღუძრავს სურვილს გადაშალოს და დაეწაფოს, ჯერ მისი სურნელით, შემდეგ კი მიმზიდველად მომზირალი სიტყვებით, რათა ყველაფერი უკეთ შეიცნო, რათა ჩაწვდე იმ საიდუმლოს, რასაც იტევს თვითონ სრულყოფილება და ეს წიგნიც. არც კი დამიჯერებთ, რომ გითხრათ ბარსელონა vs სევილია – ს თამაშისთვის არც კი მიყურებია-მეთქი, მაგრამ ასეა. ამ ხნის განმავლობაში ჩემთვის უფრო სასარგებლო საქმეს ვაკეთებდი, უფრო ღირებულს ჩემი მიზნებისთვის და სულ არ მაინტერესებდა ის, თუ ვინ ვის გაუტანდა გოლს…

ბაბუაჩემი კი გვერდითა ოთახიდან ყოველ გოლზე ყვირილით გამოვარდებოდა ხოლმე! – რა თქმა უნდა, ახალგაზრდა არ არის და ისე ვერ ირბენს, როგორც მესი დარბის, ან ბავშვივით ლოყებაწითლებული ვერ გამოვარდებოდა სიხარულისგან მთელი ხმით, რომ ყვირის “GoooooooooooooooooooooooLLLL!”. თუმცა მის ოთახიდან გამოსვლასაც გამოვარდნას ვარქმევ, რადგან ის ჩვეულებრივზე სწრაფად მოძრაობდა და გვამცნობდა ანგარიშს. Continue reading

იუ ნესბო – თავებზე მონადირეები

20630742

როჯერ ბრაუნი, ძალიან პატივსაცემი პიროვნებაა და მას ყველა იცნობს. ის ასევე ცნობილია, როგორც “თავებზე მონადირე”, მაგრამ რას გულისხმობს ეს წოდება. ის კომპანიებისთვის არჩევს შესაფერის კანდიდატურას, მისი რეკომენდაციის მქონე პირი კი ყოველთვის იწყებს სამუშაოს, იქ სადაც ის გამიზნულია და ყოველთვის აჰყავთ კომპანიებს. მოკლედ მისი სამუშაოს წარმატების საიდუმლო ასო “რ”-ზე იწყება – რეპუტაცია, რომელსაც ის მეფედ აქცევს ამ სფეროში და მას ყველა ენდობა.

ცხოვრება ცოლთან, საყვარელ ცოლთან, რომელსაც ასევე ძალიან უყვარს, თუმცა არსებობს მათში განხეთქილება, რომელიც ორმოსავით ყოველ წამს იხლიჩება, მათი წარსული, როცა როჯერმა გადაწყვიტა ბავშვის ყოლის დრო არ იყო და დიანას აბორტი გააკეთებინა. აქედან დაიწყო მათი ურთიერთობის ნგრევა, ისე რომ ამას ვერც კი ხვდებოდნენ და ვერც იაზრებდნენ. სამაგიეროდ როჯერს ჰქონდა სამუშაო, ცოლს კი ბავშვების ნაცვლად გალერეა, რის შესანახადაც როჯერს დროდადრო კლიენტებისგან ნახატების მოპარვა და მათი გაყიდვა უწევდა. Continue reading

სტივენ კინგი – კაცი რომლის გულშიც შიში ცხოვრობს

stephenkinginvite

ამ სურათს ზოგი არა, არამედ უმეტესობა სტივენ კინგთან დააკავშირებს, ზოგისთვის კი ეს მხოლოდ სურათია, უბრალო ოთახი, ჩვეულებრივი, არაფრით განსხვავებული, პატარა ბავშვის ოთახი, რომელსაც უყვარს კლოუნები და ბუშტები, სათამაშო მანქანები და კიდევ უამრავი რამ…
რასაც ახლა ვამბობ, ეს ჩემთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ის, რომ ჰაერი რომ არ იყოს ცოცხალი არ ვიქნებოდი და ეს ჰაერი, როგორი მნიშვნელოვანიცაა კაცობრიობისთვის, ისეა ჩემთვის კინგი და მასთან შეხება, ან მისი წიგნებით ტკბობა.
პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ეს მხოლოდ ჩემი აზრია ამ ადამიანისკენ მიმართული, ჩემი გრძნობები დაკავშირებული კინგთან, მაგრამ მაინც მინდა ყველას გითხრათ, რასაც ვფიქრობ და არ შემეძლო უბრალოდ ამის მხოლოდ ჩემ კედელზე გაზიარება.
მაშ ასე, რეკლამა დასრულდა, ახლა ხელი მაგრად ჩამჭიდე და დავიწყოთ:
სტივენ კინგი, როგორც ყველამ იცით, ვიცი რომ ყველასთვის ეს სახელი ძალიან ნაცნობია, საშინელებათა ჟანრის მეფეა, ყველაზე წარმატებული მწერალი ამ კუთხით და ყველაზე საოცარი მჭერვმეტყველი, მხიარული პიროვნება, თუკი ახლოდანაც გაიცნობ, ეს ვიდეოებიდან და მისი გამოსვლებიდანაც კარგად ჩანს და მასთან ნამდვილად არ მოიწყენს არავინ… ალბათ გაკვირვებთ საშინელებათა მეფეს, რომ იუმორის გრძნობა აქვს და მხიარული ადამიანიცაა, გახსნილი ყველასთან და სასაუბროდაც ნამდვილად ყველაზე მაგარი, ბევრის მცოდნეა. რომ დაჯდები მასთან და საათობით შეგეძლება მოსმენა ამა თუ იმ ისტორიის, რაც გადახდა, ან რის გამო დაწერა ესა თუ ის წიგნი, რომელიც შენამდე ემოციურად მოიტანა თავისი სათქმელი და აღგაფრთოვანა. Continue reading

აქცია – მე აქ ვიყავი… და ვიყავი კიდეც

1

მე აქ ვიყავი და თქვენ?

ვფიქრობ ასეთი კარგი აქციები ხშირად უნდა ტარდებოდეს ხოლმე. მომხმარებელიც მეტია, ნაწყენი კი ნამდვილად არავინ რჩება, რადგან სწორედ აქ ჩნდება კარგად ვის უყვარს წიგნის კითხვა და ვის არა. დამიჯერეთ, როცა წიგნზეა ხოლმე საუბარი მაშინვე გავრბივარ, იქ სადაც წიგნს ახსენებენ, იქნება ეს აქცია ლიბერთინსის, სხვა წიგნის პრეზენტაცია თუ მწერალთან შეხვედრა მე აუცილებლად პირველი ვარ ყოველთვის ადგილზე. ორჰან ფამუქთან შეხვედრაზეც კი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მქონდა მისი წიგნი წაკითხული და არც ვაპირებდი ყიდვას. (ეს მხოლოდ მე და ფამუქს გვეხება და წიგნი აქ არაფერ შუაშია)… ეს არის წიგნის სიყვარული სწორედ. თან თუ პროფესიადაც მწერლობას ირჩევ ხო საუკეთესო ვარიანტია… Continue reading

ქარიშხლიანი უღელტეხილი (1992 წლის ეკრანიზაცია)

13270924251774

“ქარიშხლიანი უღელტეხილის” ამ ეკრანიზაციას განცვიფრებულ-აღფრთოვანებული შევცქეროდი და მიჭირდა ემოციების დამალვა. ისე გადადის კადრიდან კადრში, როგორ მისდევს მოვლენები ერთმანეთს და რა განცდებსაც გიტოვებს, მთლიანად გნუსხავს, გიმძაფრებს გრძნობებს და არ ძალგიძს შეეწინააღმდეგო იმ ბოროტ ძალას, რომელიც შენში იღვიძებს ამ ფილმს ყურების შემდეგ, ან მომენტში.
როგორ მსიამოვნებდა ჰიტკლიფის შურისძიებანი, როგორ მინდოდა ისე მოქცეულიყო როგორც იქცეოდა (მიუხედავად იმისა, რომ წიგნში საერთოდ მძულდა, უფრო სწორედ თავიდან მიყვარდა, როცა ყველამ გარიყა, მაგრამ შურისძიებისას აღარ) და ვფიქრობდი რომ ის ორი ოჯახი ამ ყველაფრის ღირსი იყო, იმის გამო რაც მას გაუკეთეს, როგორც მოექცნენ, როცა წაართვეს ყველაფერი, წაართვეს ცხოვრება.
წიგნშიც თანავუგრძნობდი მას, მაგრამ ასე ძლიერ ეს გრძნობა მაშინ არ გამჩენია. მეცოდებოდა ჰინდლი, მეცოდებოდა კეტი და დანარჩენი პერსონაჟები, თუმცა კი ვიცოდი რომ ისინი ამის ღირსნი არ იყვნენ და მათშიც ისევე ბუდობდა ეშმაკი, როგორც ჰიტკლიპში და ისინი მისგან არაფრით იყვნენ განსხვავებულნი.
განსხვავება მხოლოდ ძალაუფლებაში იყო. ადამიანს ძალაუფლება მიეცი და მის არმქონეს ყველაფერს წაართმევს, ძირს გამოუთხრის და სიცოცხლეს მოუწამლავს, ცხოვრების სურვილსაც კი დაუკარგავს, მაგრამ ის იცხოვრებს მხოლოდ შურისძიებისთვის, მისი ყოველი ამოსუნთქვა შურისძიებაზე ფიქრით დაიწყება და დამთვრდება. მისი ყოველი დღე…
ადამიანს არ გააჩნია დანდობის გრძნობა, არც სხვაზე მზრუნველობა უბოძებია უფალს, ის ამას მხოლოდ იმ აუწერელი გრძნობით აკეთებს, რომლის ხილვაც ადამიანთა გვერდით შეუძლებელია, ის უხილავია და თავად ეწვევა კაცსა თუ ქალს.
ამას გარდა, ჰიტკლიფს შეეძლო სიყვარული, მას შეეძლო უდიდესი სიყვარულიც, მაგრამ ასევე უდიდესი სიძულვილიც ამოძრავებდა და აცოცხლებდა მას.
ჰიტკლიფი იყო ადამიანი, ვისაც სიყვარულიც კი წაართვეს და როცა ადამიანს სიყვარული აღარ გააჩნია, მისგან რას ელი კარგს?! Continue reading