ერკე მიდასი – პატრიოტიზმი!

ჩვენ ყველანი პატრიოტები ვართ!

   ყოველთვის მოისმენთ ამ სიტყვებს, გამოწერილივით ჩაგიბეჭდავენ გონებაში და ცდილობენ ადამიანს წაართვან მთელი ინდივიდუალიზმი, მისცენ მას უნარი, თუ ნიჭი იფიქროს, როგორც ტომის ერთ-ერთმა წევრმა, როგორც ბრბოს ნაწილმა და იფიქროს, რომ იგი რაღაც დიადი მასის ნაწილია, რომელიც უკვდავყოფს მათ სახელს.

   „პატრიოტი ვალდებულია უყვარდეს სამშობლო, ყოველთვის დაიცვას იგი მტერთაგან და რაიმე სახის სხვა უბედურებისგან. საჭიროებისამებრ თავიც კი გაწიროს და პირველ რიგში სამშობლოს სიცოცხლე დააყენოს წინ, ვიდრე თავად მისი“.

   ადამიანებისგან ისე შექმნეს ერთი საერთო გონება, რომ ამას ვერც კი იაზრებენ. ვისაც არ უნდა ჰკითხო პატრიოტიზმის განმარტება, ზუსტად სიტყვა-სიტყვით ციტირებას თუ არა, იგივე შინაარსის ტექსტს მოიყვანს და სახელდობრ, გამოაცხადებს თავის უანგარო სიყვარულს სამშობლოსადმი. ეს სიყვარული კი არც მეტი, არც ნაკლები შეურაცხადობაში გადაიზრდება და ამას კატასტროფული შედეგიც შეიძლება მოჰყვეს. ჩვენ, დაკარგული გვაქვს ის ფასეულობები, რაც ერთ, სრულფასოვან, და დიად ერს შეიძლება ჰქონდეს, დავკარგეთ ტერიტორიები, ომებმა უამრავი ადამიანის შიმშილი და სიცოცხლის ხელყოფა გამოიწვია და რა მივიღეთ სანაცვლოდ? დიადი სახელი ჩვენი ქვეყნის – შეუდრეკელობა, რომ იგი უშიშრად იბრძვის და მარად იბრძოდა მტრის წინააღმდეგ. მარად დაუმარცხებლად მოვედით აქამდე და შევინარჩუნეთ, როგორც სარწმუნოება, ასევე სახელი ჩვენი და ისტორია, ის დიადი ისტორია, რაც გაგვაჩნია ოდითგან მოყოლებული და ძვირფასი მეფეები უბადლო ნიჭიერებითა და გონიერებით სავსენი, მათი გრძელი, დაუსრულებელი სია. შიდა ომები, დაპირისპირება ეპარქიებს შორის, ჩვენს მიწა-წყალზე და ათასი რამ, რაც უნიკალურ ერად გვაქცევს. ილიას სიტყვებით, რაც უნიკალურობას გვინარჩუნებს ეს არის ენა, მამული, სარწმუნოება.

   ერთი რამ კი ისტორიით მუდამ მოგვყვება. სიკვდილი. სიკვდილი, რომელიც თავის მისიას უბადლოდ ასრულებს. ვკარგავთ ახლობლებს, მეგობრებს, ძვირფას ადამიანებს. არ ვიცი რა უფრო მძიმეა, დაკარგო საყვარელი ადამიანი ბრძოლაში და სამშობლოსადმი სიყვარულს შეეწიროს, თუ სრულ სიმშვიდეში, ბუნებრივი სიკვდილით. რა არის საშინელი, როცა ადამიანთან გამომშვიდობების საშუალებაც არ გეძლევა, თუ ის რომ შენს მკლავზე დაწვენილი, ნელ-ნელა გამოეცლება სიცოცხლეს და ბოლო სიტყვის თქმას, თუნდაც მცირედისას მაინც მოასწრებს.

   ჩემი ნაშრომით წინ მინდა აღვუდგე ძველ ტრადიციას, რომელიც დღემდე მისაღები და ჩვენთვის მოსაწონიც კია. ტრადიცია, რომელიც მეფეების დროსაც კი ჩვენს მხრებზე ტყდებოდა და რის წყალობითაც მეფეს ყოველთვის ჰყავდა ჯარი, ზურგი იმ შეუპოვარი მებრძოლებისა, ვის იმედზეც სახელმწიფო იდგა. ეს ჯარში გაწვევის და სხვა პოლიტიკური მიზნებისთვის მათი გამოყენების წესს გულისხმობს. ომი ხშირად გარდაუვალი, ხშირად კი უბრალოდ აუცილებელია რათა სახელმწიფოს რაიმეს დამტკიცების საშუალება მიეცეს ან მხოლოდ თავდაცვით შემოიფარგლოს. ბევრ აზრს მოვისმენთ ომზე, იმასაც რომ საჭიროა ხშირად ვიბრძოლოთ, იმასაც რომ მხოლოდ ომში განისაზღვრება კაცის სიმამაცე და პატრიოტიზმი, მაგრამ მსგავს აზრს ვემიჯნები და საერთოდაც არ მიმაჩნია იგი სწორ დებულებად სიმამაცისა.

   გასაგებია, რომ სახელმწიფოს ზურგი სჭირდება, ჯარის საშუალებით, უამრავ რესურსს ხარჯავენ ჯარისკაცების შეიარაღებაში, ჩაცმულობასა თუ სხვა მომზადების ეტაპებში, მაგრამ ერთ თეთრსაც არ იმეტებენ იმ ადამიანთათვის, ვისაც სწადია რაიმეს შეცვლა, ვისაც სურს არა ომი, არამედ მშვიდობის დამყარება და ამის გზაც გარკვეულწილად უკვე არსებობს, მაგრამ სათანადოდ გამოყენება არ გვისწავლია მისი კაცობრიობას. გზა რთულია, დამსხვრეული შუშებით და ეკლებით სავსე და უჩინარი, ამიტომ უჭირს ხალხს მასზე სიარული, ამიტომ არჩევს უფრო მარტივ გზას, ბრძოლისთვის მომზადების და წინააღმდეგობის გზას, ამას ემატება უთანხმოება სხვადასხვა ქვეყნებთან, საწინააღმდეგო აზრების თავმოყრა, სარწმუნოებისა და ეროვნების სხვადასხვაობა, ეგო, შურისძიების ან უბრალოდ სხვა ერზე გამარჯვების და მათზე ბატონობის სურვილი, რაც ერთი მხრივ მოიაზრებს დიდების წყურვილს, ძლევამოსილების დაუოკებელ სიცხადეს.

   სწორად არ მიმაჩნია აზრი, რომ პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული იმით გამოიხატება, რომ შეგიძლია მისთვის სიცოცხლეც გასწირო, წახვიდე ომში და მტერს აჩვენო თუ რას წარმოადგენ. არც მას ვამბობ, რომ საერთოდაც არ უნდა არსებობდეს და უნდა დავუჩოქოთ ყველას, ვინც მოინდომებს ჩვენს დაპყრობას, მაგრამ უნდა არსებობდეს სხვა განმასხვავებელი ნიშანი, გარდა დედისერთობისა, ან უხელფეხობის და დამბლადაცემულობისა, რის გამოც ადამიანს არ იწვევენ ჯარში. უნდა იყოს სამსახურები, რომლებიც ადამიანებს განარჩევენ მათი უნარებისა და შესაძლებლობების წყალობით თუ სად უფრო გამოიყენება მისი უნარი და ძალა, ფრონტის ხაზზე თუ საწერ მაგიდასთან, ან სხვა უფრო განსხვავებულ სფეროში და უნდა ხდებოდეს მათი ამისთვის მომზადება. მე, როგორც კაცთმოყვარე, მთელი ცხოვრება დღემდე ისე გავლიე, რომ მაქსიმალურად ვერიდებოდი რაიმე შარს, ხიფათს თუ უთანხმოებას. კამათს სიტყვითვე ვაგვარებდი, უკეთეს შემთხვევაში არც ვცდილობდი რაიმე საპირისპიროს თქმას, გაჩუმება გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის მომგებიანი შემოთავაზებაა და უწყინარი. ვარჩევდი სიტყვას მუშტების წინააღმდეგ და დღეს არ შემიძლია გავიხსენო მომენტი, როცა ჩემი ნებით, (და არა გარდაუვალობის გამო) ვინმესთან ჩხუბი და მუშტების ქნევა ამეტეხოს, რაც ჩემს სიძლიერედ მიმაჩნია, რითიც ვამაყობ. ჩემი ძალის მიუხედავად, არ შემიძლია ვინმეს ოდნავი ტკივილი მაინც მივაყენო, სულიერი, ფიზიკური, ამას არ აქვს მნიშვნელობა და ყოველთვის ღიმილით, სიყვარულით და ბედნიერების პოვნით ვგვარდები და ვფიქრობ, რომ მარტო მე არ ვარ ასეთი, შინაგანად ყველა ასეთია, მაგრამ უმეტესობა ფარავს და ცხოვრების სისასტიკე ხან გზას აკარგვინებს შინ დაბრუნდეს მშვიდობით. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემი ადგილი ჯარში ან ფრონტის წინა ხაზზე არაა, და რა, მე არ შემიძლია ვთქვა, რომ პატრიოტი ვარ და მიყვარს ჩემი ქვეყანა? მეზღუდება ვთქვა, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის?

   არა! მე პატრიოტი ვარ. მიყვარს საქართველო, მიყვარს მისი ყოველი კუთხე, მისი ყოველი ერი და ადამიანი, ვინც კი ქუჩაში თუნდაც მარტო, საწყლად მზირალი მხვდება, სახე სევდით დაუსერია და მშველელს ეძებს. რამდენჯერ მივსალმებივარ სწორედ ამ მომენტში უცხო ადამიანს, რომელსაც ვხედავდი რომ რაღაც აწუხებდა და უბრალოდ ტკბილი სიტყვები მითქვამს, წარმატებები მისურვებია. ზოგი მომბრუნებია, მადლობა გადაუხდია და თამამად უღიარებია, რომ კარგ განწყობაზე დავაყენე. ეს მადლობა – არ არის დასაკარგი, დასავიწყებელი. ჩემთვის იმ წამს, და ახლაც ბევრს ნიშნავს და დიდებულ გრძნობას მიღვივებს, სადღაც ჩემში, მარცხნივ. ეს ის ბედნიერებაა, რომელსაც ფულით ვერ იყიდი, შეგრძნება რომელსაც ვერ დაეუფლები რაც არ უნდა ფული აბნიო ქუჩაში. იგი ადამიანებისგან მოდის, ემოცია, ღიმილი, სიხარული, რაღაც დიადი განცდის, სწავლის წყურვილი. ეს არის, რაც ადამიანებს დღემდე სჭირდებათ, რაც ადამიანობას გვინარჩუნებს და რის გამოც მოვედით დღემდე, და არა ის გადახდილი ბრძოლები, რასაც თითებზე სიამაყით ვითვლით.

   პატრიოტი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს სამშობლო და ნებისმიერი რამით, თუნდაც მცირედით, იმის ხმამაღლა თქმით – მე მიყვარს სამშობლო – გამოიხატება და არ განსაზღვრავს ძალა, თავგანწირვა. თავგანწირვა არ გულისხმობს აუცილებლად სიცოცხლის ხელყოფას, ადამიანს შეუძლია თავი გაწიროს სამშობლოსთვის, თავი გადადოს და ემსახუროს მას სიყვარულით მთელი სიცოცხლის მანძილზე.

ე.მ.

Advertisements

დავით დეფი გოგიბედაშვილი – დემნა გედევანიშვილი

წიგნი პოეზია

პოეზია… მუსიკა… ჰარმონია… პოეზიის ჰარმონია… მუსიკის ხელოვნება… გრძნობის სისავსე… სიცოცხლის სამიზნე და უამრავ სიყვარულის ფენომენს იმსახურებს ეს წიგნი.

ყოველთვის ვამბობდი, ჩემიანებთან, ყოველთვის ვაქებდი დავითს და ვიძახდი, რომ ეს კაცი გენიოსია თავისი შემოქმედებით, სუფთა მტარვალი პოეზიის გენიალობითაა გენიოსი, მაგრამ უმეტესობა მისმენს და შემდეგ ივიწყებს, თუმცა ამაოდ. კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ეს ადამიანი, ეს ჩვენი დროების, ცოცხალი გენიოსია, რომელზე ძვირფასი ბევრი თუ არ მოიძებნება. კითხულობ მის წიგნს, და უემოციოდ ნამდვილად ვერ გახვალ აქ ფონს, ემოცია, რომელიც გაწვება გულამდე და გულის სიღრმეში შეგიტანს შესაძლოა ცრემლები მოგგვაროს, შესაძლოა გაგაბედნიეროს და გაგახალისოს, ან ისე უეცრად დაგასევდიანოს სიხარულის ფაზიდან ეგრევე სევდის, სევდიას ფაზაში გადაგიყვანოს, რომ… ვერც წარმოიდგენ ამდენ ჯილდოს, რომელიც ამ წიგნს თან სდევს.

სიტყვათა განლაგება, მათი სისუფთავე. წიგნს კითხულობ, მაგრამ არ ფიქრობ ამაზე, გგონია კონცერტს უსმენ, რადგან ყოველი სიტყვა, ყოველი წინადადება და აბზაცი მუსიკაა, ჰარმონიული მუსიკა, რომელიც სიცოცხლის აღმაფრენაში გეხმარება და გატკბობს მთელი დროის განმავლობაში, რასაც კითხვას უთმობთ. ჩემი ემოციები დაუჯერებელია, ვერ დაიჯერებთ, რადგან სიყვარულის, მრისხანების, სიყვარულის, გაგიჟების, სიყვარულის, სიმარტოვის, სიყვარულის, სიცოცხლის სურვილის, სიკვდილის, სიყვარულის სუნი ერთად ტრიალებდა ჩემს გონებაში, ჩემს ღიმილიან გამოხედვაში, კითხვისას და როცა მეკითხებოდნენ ასეთს რას კითხულობო, ჩემი პასუხი იყო: – ჯადოსნობას.

დავით დეფთან იმაზე ახლო ურთიერთობა მაკავშირებს, ვიდრე ფიქრობთ. თუმცა ოდნავადაც არ არის მის წიგნზე ასეთი ჯადოსნურობით საუბარი, ნეპოტიზმის ან რაიმე სხვას გამოვლინება. მას პირადადაც ვიცნობ, გამოვლაპარაკებივარ ათას რამეზე გვისაუბრია და პირველ რიგში ხელოვნებაზე, რჩევებს მაძლევდა, კითხულობდა ჩემ ნაწერებს და მიფასებდა და ვფიქრობ, რომ ადამიანი სიკეთე გავიცანი, ადამიანი სიყვარული, მისგან მივიღე გრძნობა ულევი, ვიგრძენი თითქოს დიდი ხანია გვაკავშირებდა ნაცნობობა, რადგან არანაირი ფორმალობა არ იყო ჩვენ შორის, ჩვენ რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, არა პირველივე შეხვედრისას უკვე მეგობრები ვიყავით. ამ პიროვნების უნიკალურობას, თან ერთვის მისი პოეზია, მისი რომანები ასევე პოეზია რომ გეგონებათ და გულიც სიყვარულით აგევსებათ, აუცილებლად, ეს არის ჯადოსნობა, რასაც მე ვუწოდებდი. პიროვნების გამარადიულება წიგნის სიყვარულთან.

ცოტას, წიგნის შინაარსზეც ვისაუბრებ. დემნა გედევანიშვილის გაღვიძებით იწყება, სიზმარს ხედავს, რაც ჩვენთვის ბუნდოვანია, გაღვიძების შემდეგ კი ხვდება წერილი თაროზე, ადამიანისგან სახელად სევდია და როცა ძმაკაცს დაურეკავს, რომ აჩვენოს მისი მოსვლისას წერილი ქრება. უკვალოდ ქრება, თითქოს არც არსებობდა და დემნას მოეჩვენა. ჩვეულებრივი ცხოვრება არ ჰქონია, ის სიგიჟით იყო ავად და მძიმე სულით ავადმყოფობდა, მაგრამ განიკურნა, ხოლო მათ მეგობრებს, მშობლებს მისი აბდაუბდა საუბრის გამო კვლავ ეგონათ, რომ ბრუნდებოდა მისი მდგომარეობა. ბრუნდებოდა სიგიჟისკენ. თუმცა მიჰყვები, კითხულობ ამბავს და გრძნობ, რომ სხვა რამ ხდება, სხვა დაავადება სჭირს დემნას, სულ სხვა სენი, რასაც ჰქვია სიყვარული და ეს სიყვარული გაცილებით ძლიერ ძალას ანიჭებს განკურნოს ყოველი სენი და გადააქციოს სამყარო უკეთესი, ვიდრე იყო.

ეს ჯადოსნური რომანი, უფრო ზღაპარს ჰგავს მისი ჯადოსნურობით, მისი დაუშვებელი რეალობის უნარუს მიღმა და ჰგავს ულამაზეს ფესტივალის დღეს, სადაც სულ ყველა ბედნიერია. და ბოლოს ბევრი რამ გაირკვევა, მაგრამ დარჩება იდუმალად და იმ კითხვებს უცილობლად დაუსვამთ რომანს, ასევე საკუთარ თავს რასაც მე ვუსვამდი. ვინ არის სევდია… მასაც გაიცნობთ. და ბოლოს ჯადოსნურობით აღქმული სიყვარულის მარცვლებით გადგმული დარჩებით მიწაში და იზრდებით, როგორც უტიფარი, უცოდველი სიყვარული, სიცოცხლის სიყვარულით გაძლიერებული და უფრო მეტად შთაგონებული.

რომანი მუსიკაა, რომანი პოეზიაა, რომანი სიყვარულია.

წაიკითხეთ და გაიგეთ მისი ჯადოსნურობის უნიკალური ამბავი, თავადაც დარწმუნდებით, რომ ავტორი გენიოსია.

უმბერტო ეკო – პრაღის სასაფლაო

უმბერტო ეკო, გენიოსი და ნამდვილად დიდი ადამიანი და მწერალია, რომლის სახელსაც არაერთი გენიალური ნაწარმოები ეკუთვნის. ერთ-ერთია გენიალური ნაწარმოებია პრაღის სასაფლაო, რომელიც საოცარი დამაჯერებლობით და უნიკალური ასპექტებითაა დაწერილი, თითქოს შენში შემოდის, აღწევს ბოლომდე შენს ქვეცნობიერში და რასაც კითხულობ მჟღავნდება, ყველაფერი სახეზე გაწერია და გფლობს სავსებით.

აქ შეხვდებით ნამდვილ არეულობას, ნამდვილ სამყაროში, ყველა დროის უდიდეს დიქტატორებს, ოკულტისტებს, სატანისტებს, მასონებს, იეზუიტებს, რევოლუციონერებს, საფრანგეთის, იტალიის, პრუსიისა და რუსეთის საიდუმლო სამსახურებს, ებრაელებისა და ქრისტიანთა დაპირისპირებებს და სხვა უამრავი სექტის წარმომადგენლებს და რა აკავშირებს მათ ერთმანეთთან? რას ცდილობენ გაექცნენ პერსონაჟები, რისთვის იბრძვიან და რა ძღვენის მიღება სურთ ამ დაუსრულებელი ომისგან? რა აქვთ ჩაფიქრებული და როგორ მიყვება დროის მსვლელობას ეს დაუოკებელი შიში, რომელიც ყველას ამ წიგნში კვალად გასდევს და სიცოცხლეს უმწარებს.

მთავარი პერსონაჟი, სიმონინო სიმინინი, რომელიც ერთადერთი პერსონაჟია გამოგონილი, თუმცა ის და მისი მსგავსი ადამიანები, ყველა ეპოქაში, დროში და ყველა საუკუნეში ჩვენთან არიან, სწორედ ამაში გვახედებს ავტორი, ყვება ამბავს, დაუჯერებელ და ომის მოყვარულ ადამიანთა ამბავს, რომელიც ყველა ეპოქაში იწყება და სრულდება, არ აქვს მნიშვნელობა ეს მეოცე საუკუნე იქნება, ოცდამეორე თუ ოთხმოცდა მეორე. ის ყოველთვის ჩვენთან არს და სწორედ ეს არის ჩვენი დაუსრულებელი პირობითობა. 

რაც ყველაზე სასაცილოა, ის არის, რომ სიმონინო სიმონინი ერთ დღეს იღვიძებს და არ ახსოვს ვინ არის. არც თავისი ოთახი ეცნობა და არც ნივთები, რომლებიც იმაზე მიუთითებს რომ ძალიან ბევრი უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია და მოვლენა დავიწყნია და მათ გახსენებას ვერ ახერხებს. ის კარებს აღმოაჩენს ბინაში, გაღებისთანავე წააწყდება უამრავ ტანსაცმელს, მისაკრობ წვერს, წარბებს და პარიკებს და გრძელ დერეფანს, რომელიც სხვა ბინისკენ გადის, ბინისკენ სადაც აბატი დალა პიკოლა ცხოვრობს. რატომაა ასე? თითქოს რაღაც საერთო საიდუმლო აქვთ, თითქოს აბატს მალავს ვიღაცისგან ან პირიქით ის იმალება აბატთან, რადგან დამნაშავეა. უამრავი კითხვა ებადება, სად არის, ვინ არის, რას წარმოადგენს საერთოდ და მკითხველსაც თავგზას ურევს. ინტერესდები მისი ცხოვრებით, ინტერესდები მისი იდუმალებით და ასე უეცრად მეხსიერების დაკარგვით. დიდ ეჭვებში გაგდებს და თავადაც უამრავ კითხვას ატარებ პასუხ გაუცემელს, თითქოს შენ ხარ სიმონინი და გრძნობ ხიფათებს, რაც მალე თავს გადაგხდება და გეშინია. ეჭვი გებადება, იქნებ აბატი დალა პიკოლა და სიმონინი ერთი და იგივე ადამიანია? მაგრამ როგორ? გრძნობ დაფარულ საიდუმლოს ეცნობი, გრძნობ რომ ამის თქმა არ შეიძლება არავისთვის და გრძნობ, რომ მნიშვნელოვანი ხარ ყველასთვის.

ეცნობი ამ ადამიანის ცხოვრებას, მოღვაწეობას სხვადასხვა ორგანოებში და იძირები მის სიმარტოვეში. გაიცანით, ეს ადამიანი ყველაფერია და არაფერი, მისი ცხოვრება არეულია და დალაგებული და ეს ურთიერთგამომრიცხავი მოგონებები ერთმანეთს ავსებს, და შენ ხვდები მთავარს, დაფარულს და ხვდები ამ ყველაფრის მთავარ აზრს.

შეგიძლიათ იკითხოთ წიგნი ბიბლუსის, პარნასის ან ლიბრას ქსელებში, დიოგენეს გამოცემა უმტერტო ეკოს პრაღის სასაფლაო, რომელიც არაერთ ადამიანს აუხელს თვალს ჩვენი წარსულის და შესაძლო მომავალის, ადამიანის ბუნების გაგებაში. ეს საოცარი რომანი არის ყველაფერი ის, რაც ქმნა, რასაც იქმს და რასაც მომავალში გააკეთებს ადამიანი.

სტივენ კინგი და ერკე მიდასი 21 სექტემბერს, 1982 წელი

კარგად მახსოვს დღე, როდესაც ეს ფოტო გადავიღეთ. მაშინ ჯერ სულ ახალი გაცნობილი მყავდა, ოთხმოციანი წლები იყო. 21 სექტემბერი, მისი დაბადების დღე როცა დავურეკე და ვუთხარი აბა რას შვრები მეთქი.-ოოო, ჩემო ერკე, მე გადასარევ განწყობაზე ვარ, ჩემი წიგნები დაბეჭდილი არ არის, რომ უკვე იწურება ტირაჟი. ეს საოცარი გრძნობაა მეგობარო, არ შევხვდეთ? – ზუსტად მახსოვს მისი სიტყვები, მის ხმაში გამოსჭვიოდა აღფრთოვანების ხმა, თითქოს იმ წამს გაეხარებინოს ამ ფაქტს, არადა წლებია რაც წერდა უკვე და ეს მისთვის ახალი შეგრძნება აღარ იყო, თუმცა ისე მელაპარაკებოდა, როგორც ბავშვი, რომელიც სანტა კლაუსის ნაჩუქარ კანფეტებით სავსე ყუთს გაეხარებინოს. შევხვდით იმ ძეგლთან, მენის შტატში, რა ქვია? ენის წვერზე მადგას მისი სახელი და ვერ ვიხსენებ… ეს ხომ დიდი ხნის წინ იყო, კარგად მახსოვს კინგის სიტყვები, მისი რეაქციები, მისი ხმა, ქმედებები, მაგრამ არ მახსოვს წვრილმანი დეტალები, ხო… იქ მეტროც იყო ახლოს. ეს კი ნამდვილად მახსოვს.ის მაშინ თავის აგენტს ესაუბრებოდა ტელეფონზე, იმ დღეს მისი დაბადების დღის საპატივცემულოდ გამოფენა-გაყიდვა იმართებოდა კინგის წიგნების და ასევე მისი ახალი წიგნის პრეზენტაცია, რომელიც მეც კი არ მქონდა ჯერ წაკითხული. იმ დროისთვის, უკვე გამოსული იყო, მისი რომანები, კერი, სალემის ხვედრი, ნათება, მკვდარი ზონა, კუჯო და მორბენალი, კიდევ რამდენიმე წიგნი ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ, საიდუმლოდ ინახავდა კინგი ამ წიგნის სახელწოდებას, რომლის პრეზენტაციაც იმართებოდა. გული მიგრძნობდა რაღაც შედევრი იქნებოდა, მისი შედევრების მიხედვით და მეც ზუსტად გულის სიღრმეში ამას ვხვდებოდი. მისი ღიმილი, თავდაჯერებული ღიმილი, რომელიც მთელი იმ დროის მანძილზე არ შორდებოდა და ამ ფოტოშიც სწორედ ეს ღიმილი ჩანს მისი. საოცარი იყო.ეს წიგნი, შემდგომში გავიგე, რომ იყო ბნელი კოშკის პირველი ტომი, რომელიც გამოიცა 1982 წელს, 21 სექტემბერს, მის დაბადების დღეზე. დიდებული პრეზენტაცია, დიდებული კინგი, დიდებული სტუმრები, დიდებული აღფრთოვანება და მოლოდინის გამართლება, დიდებული ტირაჟით გაყიდვა და ეს მხოლოდ პრეზენტაციაზე, მთავარი კი წინ გვქონდა, რაც მაშინ ნამდვილად არ ვიცოდი. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ფოტოგრაფი მოგვიახლოვდა და სტივენი გაიხმო გვერდზე ფოტო უნდა გადაგიღოთო, ის ნაცრისფერ ფონთან დააყენა და სანამ გადაიღებდა, ფოტოგრაფი გააჩერა, მე გამოვედი რომ ხელი არ შემეშალა და აი უცებ, კინგი მე მეძახის.-ჩემო ერკე, ჩემო ერკე. – ხელით მანიშნებს, როცა მისკენ მივიხედე. მეძახის, მომიახლოვდიო. – მოდი, ერთად გადავიღოთ ფოტო, სამახსოვროდ ჩვენი მეგობრობის ხათრით.ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს რაღაც არაორდინალურს მთხოვდნენ, რაღაც სასწაულის გაკეთებას და მეც იმდენად ვაფასებდი ამ ადამიანს, შემდეგში, მის კვალს რომ გავყევი და მის ჟანრში ვცადე ბედი, რომ სიხარულით დავთანხმდი და გვერდით დავუდექი. აი ასე, სიგიჟე იყო ისეთი დონის მწერალთან ასეთი სიახლოვე, დიდი პატივი იყო ჩემთვის და სიხარული აღტყინებული სულის დაოკებისა.ეს ფოტო, საკმაოდ დიდი ხანი ვინახე საიდუმლოდ, მაგრამ მეტი არ შემეძლო. მაპატიე კინგ. მიყვარხარ მეგობარო.

ეს კი, ამ ფოტოს ვარიაციებია, რომელიც შემდეგ შეიქმნა. 

ჰერბერტ უელსი – სამყაროთა ომი, დროის მანქანა

ხშირად, ადამიანები ვცდილობთ გავიგოთ თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის მოვლენა, ან ნივთი, რისთვის ვართ გაჩენილნი და იმ ელემენტარულ კითხვებზე პასუხის გაცემას ვცდილობთ, რაც სამყაროს საიდუმლოსთან და მის სიდიადის მიზეზის გასაგებადაა საჭირო, თუმცა ხშირად ვერ ვცემთ ამ ელემენტარულ კითხვებსაც კი … Continue reading

Rate this:

ამელი ნოტომი – გრაფი ნევილის დანაშაული

როცა ეს წიგნი, ამ ბოლო წიგნის ფესტივალზე შევიძინე, უყოყმანოდ ვიცოდი, რომ მომეწონებოდა. წიგნები ბათუმში და თავად ირაკლი ბაკურიძე, ხომ არ აირჩევდა ისეთ წიგნს, რომელიც ნამდვილ ღირსებებს მოკლებული იქნებოდა. “ცუდს” ვერ ვუწოდებ ვერც ერთ წიგნს, ამიტომ ღირსებამოკლებული უფრო მახვილგონიერი წოდება იქნება … Continue reading

Rate this:

ფრანც კაფკა – გოდოლი

ჩამოსვლა

“კ. გვიან საღამოს ჩამოვიდა. მთელი სოფელი თოვლის საბურველში გახვეულიყო.გოდლისგორა არ მოჩანდა, ჯანღსა და წყვდიადში გაუჩინარებულიყო, და ვეება ციხესსიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა, სხივი რაა, ისიც კი არ კრთებოდა. დიდხანსიდგა კ. შარაგზიდან სოფელში მიმავალ ხის ხიდზე და მოჩვენებითს სიცარიელეს გაჰყურებდა.”

ჩემთვის თავიდანვე ბუნდოვანი გახდა პერსონაჟი, რომელიც კ-ს სახელით იყო ცნობილი. რატომ აირჩია ავტორმა ასეთი სტილი? რატომ დაარქვა პერსონაჟს კ.? შეიძლება ეს შემოკლებული ვარიანტია და გამოჩნდეს მეთქი თხრობის სხვა ეპიზოდში მისი სრული სახელი, მაგრამ ამ კითხვებით თავბრუდასხმული, ჩამეკითხვინა მსწრაფლად ეს რომანი, თვალს ვერ ვწყვეტდი, რათა გამეგო რა იმალებოდა ამ სახელის მიღმა და არა მარტო ეს.

საოცრად საინტერესო და დამაინტრიგებელი პერსონაჟებით, ასევე ცნობილი ხდება გოდლის საიდუმლოება, მისი სიდიადე და ზღვარი გოდოლსა და დანარჩენ სამყაროს შორის. იმდენად მიუღწევადი ოცნებაა ეს ჩვეულებრივი გლეხისთვის, როგორც მამაკაცისთვის მუდამ ბავშვად დარჩენის სურვილი იქნებოდა, თითქმის შეუძლებელიც კი და მთელი წიგნი ამ განსხვავებებს ეძღვნება. არისტოკრატიასა და გლეხებს შორის და არა მარტო, განსხვავებას წოდებებს შორის და გოდოლში მცხოვრებთა პრივილეგიებსა და დამსახურებებზე. არ მოვყვები შინაარსს. ის ღრმა შინაარსის მატარებელი და ასევე გულის გამაწვრილებელი, ამაჩუყებელი  წიგნია, რომელიც კი წამიკითხავს ამ სტილში, ამ შინაარსის. თითქოს მკითხველი თავად გრძნობს პერსონაჟის გასაჭირს, გრძნობს მის მისწრაფებებს დაიოკოს გოდოლში მოხვედრის სურვილი და თანაუგრძნობ ყველაფერში, რაც კი გადახდენია გმირს.

არაჩვეულებრივი ნაწარმოები, გამომცემლობა “აზრი”-ს დიდ ღირსებას სძენს და ერთ-ერთი ღირებული ნაწარმოებია მათი გამოცემიდან, გულის ამბოხების მოლოდინი და მისი შეძრული ისტორიით მსმენელი ბევრს იგებს, ბევრს იღებს წიგნიდან და სწავლობს. არაჩვეულებრივია.

ერკე მიდასი – ცხოვრება წრეა

იბადებიან, იზრდებიან, კაც-ქალდებიან ბავშვები

ხან უმნიშვნელო, ხან ძვირფას ცოდნით ივსება, მათი გონების ავზები,

ცხოვრება წამის სიზუსტით, რაღათქმა უნდა ღვთის არის

მათთვის გართობა, მშობლისთვის –  განათლებაა მიზანი.

გული იმსხვრევა, პირველად ყველაზე რთულად გადააქვთ

სიყვარულივით სასტიკი სხვა არცერთი გრძნობა არაა,

ისწრაფვი და რა? შენი იმედი, სხვისი უარით მთავრდება

იმ ცივი მზერის მიზეზზე ფიქრობ, რაც უმოქმედობით გბრალდება.

და ყველა განცდილ უარებს, წონით პირველი სჯობია

თითქოს ქალისგან უარი, შენი პირადი ჰობია

იმედი გალპობს, უიმედობა გსპობს, ხარ თითქოს მათი ნოქარი,

ბავშვობაშივე ისახავ მთავარს, გახდე სიყვარულის ჯადოქარი.

შეგეძლო ხალხის დინების და ბედისწერის განსაზღვრა,

შეძლო, სიმშვიდე მოჰპოვო უბედურთა გარდასახვას

შეძლო, ბედნიერ – ჭეშმარიტთა სიყვარულის გარჩევა

და სახლიდან წასულ პრინცესას გადააწყვეტინო დარჩენა.

ზოგს დაუწუნებ არჩევანს, გულის – გულობით გწვდებიან

ვის სიყვარულის არა სწამს, ვერც სამოთხეში ხვდებიან

უსასრულოდ გაყინული სამყარო გველის გარედან

თუ ვერ ვისწავლეთ ერთურთის ტკბილ-თბილი გრძნობის შეყვარება.

ბავშვობა ყველაზე რთულია, როცა სიტყვები არ გადგება რაშიმე,

ბოროტ არსებებს ებრძვი და საერთოდაც არ გაშინებს

ხან მზის ფერიებს უღიმი, ხან ჯუჯებს, ელფებს და სირინოზს

ჭირს სასახლისა შენება, დროც არ გაქვს გამოიძინო.

გიწევს აკოცო ბაყაყს, რომ მტკიცე შელოცვა დაირღვეს

ან ტყვეობიდან პრინცესა იხსნა, აჰყურებ მაღლა აივნებს,

გული სიცოცხლით გვიცემს, თუმც მშობლებს ჰგონიათ ვთამაშობთ

ცხოვრება ხომ თამაშია, ვავსებთ წარმოსახვის კალაპოტს.

დიდობა გვაჭრის ფრთებს, ოცნების ფრთებს, არ გვწამს თუ შევძლებთ ფრენას

წარსულში ჩვენს თავს ვახედებთ, სხვას არვის, ოცნებათა გამოფენას

მოვალეობას ვერ ვუსწრებთ, რაც გვაკისრია ოჯახში

პრობლემები და ტკივილი… ვერ დავემალებით ჩვენი ბავშვობის ოთახში.

ტკივილის წნეხში დავცქერით დანაოჭებულ ნაკვთთა მდინარეს

კარზე კაკუნს რა მოჰყვება, აღარ ვკითხულობთ ვინ არის,

მხრებში მოხრილნი, ამჯერად ჩვენ ვართ ყრმათათვის მშობლები,

როგორც ჩვენ, ახლა მათ ვჭრით ფრთებს, მათ ოცნებებს ვეღობებით.

ულტიმატუმი ერთია, ცხოვრების გზა და მიმართულება

ბავშვნი ვოცნებობთ უამრავს, შემდეგ არა გვაქვს უფლება,

სიყვარულის შთაგონება ხშირად სულს გვაცლის ადამიანებს

წარსულით ყოფნის სურვილი სულს და გონს დაგვიზიანებს.

რადგან ერთია ყველასთვის ამ გზის მთელი ისტორია

ყოველ ღამ ტანჯვით ვიღვიძებ, საათი – ღამის ორია.

ე.მ. 20 ნოემბერი 2018

ბრაიან თრეისი – აკოცე ბაყაყს

გაიღიმეთ! რა არის წარმატება? როგორ შეიძლება მისი მიღწევა? ამ კითხვებს ერთი რეალური პასუხი არ აქვთ, როგორც ვფიქრობ და იგი სხვადასხვა მნიშვნელობას, განმარტებებს მოიცავს, რაც აბსოლუტურად ნორმალურია, ისევე როგორც ჩვენ განვსხვავდებით ადამიანები ერთმანეთისგან. სხვადასხვა მიზნები, სხვადასხვა მისწრაფებები და ამ მიზნების ასრულების … Continue reading

Rate this:

ონორე დე ბალზაკი და ერკე – შაგრენის ტყავი

ca167145edff41b2de40d6d0da4faa4d

წარმოგიდგენთ, ამ ტრადიციულად მნიშვნელოვან წიგნს, რომელიც მსოფლიოში ღირსეულად იკავებს თავის ადგილს და წოდებას, და სწორედ ღირსეულად მოხვდა 50 წიგნში ნომერ პირველ წიგნად, დიახ, ის მართლაც ღირსი იყო ამ პატივის, ვინაიდან და რადგანაც ამ წიგნის კითხვისას ხვდები რაოდენ უძლური ხარ ამ სამყაროში და მცირე, რაოდენ ძალაგამოცლილი და ჩია. თითქოს ზღვაში წვეთზე კიდევ უმცირესი, მაგრამ მონდომების ჟამს, მაინც ძალგიძს რაღაცის მიღწევა, მაგრამ სამყაროსთვის ეს უმნიშვნელო ფაქტად და მოვლენად რჩება მხოლოდ. Continue reading