ილია ბაბუნაშვილი – ვერელი პაპის პარადოქსი

ყველასთვის ნამდვილად არ იქნება ცნობილი, რომ კლუბი “ფანტასტი” დიდი ხანია ჩემი ოჯახი და ნამდვილი განძია. ორი თუ სამი წლის წინ ჩავები, გავერთიანდი მათთან, როგორც მახსოვს ჯერ კიდევ მაშინ როცა ფსევდონიმი “ერკე მიდასი” არც არსებობდა. ერთად დიდი ისტორია გვაქვს გამოვლილი, უამრავი რამ შეთხზული და მხიარულებას რომ თავი დავანანებოთ ერთმანეთს გვერდში ვედექით და ასეც არის მუდამ. შემდეგ დავიკარგე, სამსახურის გამო ვერ ვახერხებდი შეკრებებზე სიარულს, ვერ ვახერხებდი თუნდაც ჟურნალის კითხვას, რომელიც გამოიცემოდა და ვალების გამო კი მოგვიანებით მათ ყიდვასაც ვერ ვახერხებდი!

წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა. როცა ყოველდღე გეკითხებიან, სად დაიკარგე, რატომ არ ჩანხარო და ყოველდღე ერთსა და იმავეს პასუხობ – სამსახური.

დაახლოებით რამდენიმეთვიანი პაუზის და გაუჩინარების შემდგომ ირაკლი ლომოურს შევპირდი და ფიცი დავდე, რომ არ გამოვტოვებდი დიად 5 ივნისს, როდესაც ამ წიგნების პრეზენტაცია გაიმართა. არ ვაპირებდი შეძენას, თან ისეთ მდგომარეობაში ვიყავი მხოლოდ საღამოს მიწევდა სამსახურში მისვლა, ამიტომ ყველანაირად მაწყობდა და ვახერხებდი მისვლას. რა საოცარ განწყობაზე დავდექი!

ვიყავი: – მთელი ღამე უნდა გავათენო, როგორ მეზარება. – განწყობაზე.

შემდგომ: – საოცარია! ისეთი ენერგია მომეცა მეორე დღესაც გადავაბამ. – ვფიქრობდი ჩემთვის, რადგან ის დადებითი ემოცია მიმყვებოდა სამსახურში. შესვლისას ნაცნობი სახეები, ირაკლი სცენაზე იდგა, მახსოვს როცა დამინახა წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა, რაც სიურპრიზი იყო, ოთხივე წიგნი გადმომცა, ილია ბაბუნაშვილის, მიხეილ შაველაშვილის, ანა ჩიქოვანის და თავად მისი და მეუბნება, რომ არაფერს გამომართმევდა. ამან კიდევ მეტი ემოცია მომგვარა, მეტად გამახარა, თუმცა უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი, როცა საჩუქრად ვიღებ, იმას რაც არ მეკუთვნის და რაც თანხა ღირს.

რაც შეხება ილია ბაბუნაშვილის წიგნს. მისი კითხვისას იმ საღამოს 5 ივნისს დავბრუნდი. ხელხლა ვიგრძენი სიყვარული ამ ადამიანების ჩემ მიმართ და ვხვდებოდი ყოველ წამს, რომ ეს არის სწორედ ჩემი ადგილი, რას ვგრძნობდი ვერ გეტყვით, უბრალოდ ვიცი, ჩემი ადგილი ვიპოვე, თუმცა სამსახური მას მართმევს. მის წიგნზე იმას ვიტყვი, რომ აქამდეც მომისმენია ილიას წაკითხული რამდენიმე თუ არა ერთი მოთხრობა მაინც, მაგრამ ესენი სულ სხვა იყო. უმეტესწილად ვხვდებოდი სხვა სამყაროში, წიგნის ფურცლებზე ჩატეული ამხელა სივრცე, ამხელა სისავსე და უფრთო ადამიანები, რომლებსაც ასეთი შესაძლებლობა ენიჭებოდათ. ფანტასტიკა მინდა გითხრათ ეს მთლად გრძნობების საკითხი არ არის, ეს ფანტაზიის და ოცნების სივრცის საკითხია, სადაც ხვდებით, სადაც იჭრებით ბოლომდე და გრძნობთ არა გრძნობას, არამედ გრძნობთ დაკარგულობის შეგრძნებას და მე ეს უამრავჯერ ვიგრძენი. ფურცლებში დავიკარგე, ვეძებდი საკუთარ თავს თუმცა ამაოდ. სწორედ ეს მიყვარს ამ ჟანრში და მითუმეტეს როცა ამას ქართველ ავტორებში ვხედავ მეამაყება ყოველივე ეს.

გსურთ იმოგზაუროთ გალაქტიკებს შორის? გსურთ ჰაერში ლივლივი, ან ორას წელზე მეტი სიცოცხლე? გაინტერესებთ რა მოხდება დროში მოგზურობის შემდეგ და როგორ აღმოჩნდებით მუსიკაში ჩაძირული შემოდგომის ფოთლებთან ერთად? გინდათ დაესწროთ გალაქტიკათაშორის სასამართლოს? წაიკითხეთ ილია ბაბუნაშვილის ვერელი პაპის პარადოქსი, სადაც უამრავ საინტერესო სიუჟეტს და უამრავ ცინცხალ იუმორს თუ ფანტასტიკურ შთაგონებას აღმოაჩენთ. დიახ… მათში ძგერს ფანტასტიკური გული, როგორც ამიძგერა ჩემში.

ერკე მიდასი