არანაირი “სპოილერი!”
ადამიანის ფიზიოლოგიაში ერთ-ერთი ძლიერი და სასტიკი ჰორმონია შიშის ჰორმონი, ადრენალინი, რომელსაც ადამიანის ენდოკრინული სისტემა გამოყოფს. იგი მძაფრ განცდებს, მძაფრ შეგრძნებებს იწვევს ჩვენში, რაც ზოგისთვის ტრაგიზმად არის მიჩნეული, ზოგს კი სიამოვნებით ავსებს. როგორც, მაგალითად მე. შიშის გარემოებებიდან ჩნდება უამრავი ფობია, ფრაზა, როგორიცაა “შიშით გული წამივიდა”, “ქვეშ ჩავისველე” ან მისთანები, მაგრამ რაც მთავარია შიში, ეს არის ფაქტორი და მთავარი რეალური ფაქტორი იმისა, რომ შევიგრძნოთ ადამიანობა.
გვეშინია, მაშასადამე თავს ვგრძნობთ ადამიანად.
სტივენ კინგი კი, რომელიც ამ საქმის დიდოსტატია სწორედ თავს ადამიანად გვაგრძნობინებს, მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველგვარ მის ფობიასა თუ შიშის ანომალიას ტანში სიამოვნების ჟრუანტელად ვიღებ და ამაზრზენი მისი სცენაც კი ნამდვილ ეიფორიაში მამყოფებს მაინც მიმაჩნია, რომ შიში ადამიანობის მთავარი ფაქტორია. ამ შეგრძნებების არარსებობა მხოლოდ რობოტში, ადამიანის შექმნილ მანქანაში ან ადამიან ზომბში შეიძლება ვივარაუდოთ. რაც ასევე არაა გამორიცხული და სრულიად მოსალოდნელია. (ადამიანებს ბევრიი რამის სჯერათ, სწამთ, აქვთ რწმენა და მაშასადამე არ გამოვრიცხავ ზომბების, ვენდიგოების და ცოცხალი მონსტრების, ან ჩვენ შორის სულების ბორიალის შესაძლებლობას, რომელნიც მშვიდად დაიარებიან, თუმცა ელოდებიან მომენტს, როდის შეძლებენ თავს დაგვესხან, როდის შეძლებენ კვლავ ჩვენი დახმარებით მოევლინონ ქვეყნიერებას და ა.შ.)
დიდი ძალისხმევა დამჭირდა პრეზენტაციაზე მოსახვედრად, სამსახურიდან ერთი საათით გავეთავისუფლე და მაინც შევძელი მისვლა (აბა ამ დღეს გამოვტოვებდი?) და ჩემზე ბედნიერი იმ დღეს არამგონია ვინმე ყოფილიყო. ვნახე ჩემთვის ნაცნობი და ძვირფასი ადამიანები, დავესწარი საშიში ისტორიების დაჯილდოვების ცერემონიას, მთარგმნელების საუბარს წიგნზე “ბნელი კოშკი” და წიგნზე “შინაური ცხოველების სასაფლაო”. გავიგე უამრავი ახალი ინფორმაცია ამ წიგნებზე და თავად კინგზე. ჩატარდა ვიქტორინა სადაც მეც შევძელი და მოვიგე ორი ბილეთი ფილმის პრემიერაზე დასასწრებად.
დრო არ დამიკარგავს და ჯერ კიდევ პრეზენტაციაზე დავიწყე წიგნის კითხვა, და სახლში მისულს გავაგრძელე მაშინვე.
ეს წიგნი, შიშის რეალური განცდებით არის სავსე. მასში ერთმანეთშია შეზავებული სიყვარული, ნაღველი, მწუხარება, თრთოლვა, შიში. ეს იმდენად ერწყმება ერთმანეთს, რომ გულის კანკალი გეწყება, გაჟრიალებს და გრძნობ, როგორი დაუცველი ხარ მისტერიული რეალობისგან, რომელსაც გიქმნის ავტორი და გრძნობ, როგორ მთლიანად გსუსხავს მისი ეკლებივით შეგრძნებები და ეშმაკისეული ოინები. აღწერაც იმდენად ოსტატურადაა გაკეთებული ყოველი დეტალის, რომ რაც არ უნდა უშიშარი იყო გულს მაინც აგიჩქარებს და ტანში ჟრუანტელის ცეცხლს გაგიტარებს, როგორც მემართებოდა მე. მთლიანად წიგნში ვიყავი და მთელი ძალით “ვბალეშიკობდი” – მიდი ლუის შე არაფრის მაქნისო, ან მიდი ჯად! მიდი მოუღე ბოლო იმ …” და ასე შემდეგ, გონებაში გავკიოდი და ბოლოს კინგი მაინც გაოცებულს მტოვებდა. დასასრულ ჟამს კი კვლავ ჩემი პირდაღებული მდგომარეობა შერჩა სანახავი სტივს.
სტივ, შე ბებერო გაიძვერა. მაინც შეძელი ჩემი გაოცება და გილოცავ. ეს კიდევ ერთხელ მოახერხე. როდემდე უნდა ითამაშო ჩემს ნერვებზე და ჩემს ემოციებზე, როდემდე უნდა შეეხო ჩემს გულს და კიდევ უფრო შემაყვარო თავი? აღარ უნდა შეწყვიტო წერა ან ჩაძაღლდე? ჩაძაღლება მოიცდის. ჯერ ჩემთან უნდა ჩამოფრინდე, ჩამეხუტო, მომილოცო გამარჯვება (ჩვენ რომ ვიცით) და შენი საყვარელი ამბები მომიყვე. ბოლოს კი თავზე ხელი დამადო, მეორე მხარზე მაგრად მომიჭირო და შენი მთელი ენერგია და ნიჭი, უნარი რომლის წყალობითაც ასეთი გენიალური ხარ და ასევე იღბალი (იღბალიც მთავარია მეგობარო, სხვა მხრივ არაფერი გამოვა. მაგალითად, იღბალი არაა ასეთი მშვენიერი ცოლი რომ შეგხვდა, კერი ნაგავში რომ არ გადაგაგდებინა? გილოცავ) გადმომილოცო უანგაროდ და მითხრა. ახლა შენი ჯერია გახდე ადამიანთა შიშის მიზეზი და შენი ჯერია იყო კინგი…
მადლობა მეგობარო.
სტივენ კინგის სახელით ვიტყვი, რომ ეს რომანი, რომელიც ბევრს უკვე წინ გიდევთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტს მისი არსებობაც არ გაგიგონიათ, ხელი უნდა დაავლოთ და თაროდან გადმოიღოთ, თუ არადა ჯერ შეიძინოთ და მაშინვე კითხვას შეუდგეთ. (ჩემთვის ერთ-ერთ გამორჩეული წიგნია ასევე “მწვანე გზა”, “მიზერი” “ნათება” და კიდევ ბევრი სხვა, მაგრამ “შინაური ცხოველების სასაფლაო” არის წიგნი, რომლის მიღმაც იმალება უამრავი საიდუმლო და უამრავი დაუცველი შეგრძნებები და მის იდუმალებას კი ფარდას დასასრულის შემდეგაც ვერ ახდით და ხელუხლებელი დაგრჩებათ შეგრძნება “რა მოხდა?” “დავასრულე”? ზუსტად.)
საოცარი ემოციებით სავსე კითხვას გისურვებთ.