დავით დეფი – გვირგვინოსანი

მინდა გითხრათ, ჩემო კარგებო, რომ როდესაც დეფის ლიტერატურას, ნებისმიერ რომანს ვიწყებდი, უკვე ვხვდებოდი მის სიდიადეს და მის უნიკალურობას, რადგანაც თავად ავტორთან საუბარი, მასთან დროის გატარება ეს ისეთი შემეცნებითი პროცესია, რომ მსურს დაგარწმუნოთ ის დრო ნამდვილად ბარაქიანად გატარებული და საერთოდ არც ითვლება დაკარგულად, ამიტომაც ჯერ კიდევ როცა მის ლიტერატურას პირველად ვეცნობოდი და აღფრთოვანების ზენიტი მქონდა გონებასა თუ გულში მაშინ კიდევ უფრო მეტად მიმტკიცდებოდა ის უზადო სიხარული, რომ ამ ადამიანს პირადადაც კი ვიცნობდი.

აქედან გამომდინარე მიხვდებით უკვე როგორი ენთუზიაზმით ვიწყებდი მის მორიგ არაჩვეულებრივ რომანს “გვირგვინოსანს” დაწყებამდეც ხელები რომ მითრთოდა სიხარულისგან და ერთი სული მქონდა პირველ სტრიქონებს როდის ჩავავლებდი ჩემს თვალს და როდის შევსანსლავდი მთლიანად. მოლოდინი გამართლდა. ამ ისტორიულ-დეტექტიური რომანის კითხვა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, იმდენად მიმზიდველად ჩამეკითხვინა მეთორმეტე საუკუნის რეალობის ამსახველი კადრები სულ თავში მიტრიალებდა და საერთოდაც ცოცხლად აღვიქვამდი სურათებს.

სულში ჩამწვდომი დიალოგები, გულგამგმირავი სიუჟეტები, გმირების საოცარი თავდადება, ღალატი, ორგულობა, ვნებების ორომტრიალი და ამ სიუჟეტურ ხაზში, მთავარი პერსონაჟის, ტახტის კანონიერი მემკვიდრის დემნა ბატონიშვილის, დიდი დავით აღმაშენებლის შვილიშვილის სიმართლის ძიება თუ ვინ მოკლა მამამისი, დავით მეფე. ჩახლართული სცენები კიდევ კარგა ხანს გემახსოვრებათ. მზად შეხვდით მეფეთა სიძუნწესა და სიხარბეს ტახტის არდათმობის შესახებ და ყველაფერს, რადგანაც ყოველი მზაკვრული გეგმა ცხადდება და ცხადს ხდის მემატიანეებთან ერთად დავით დეფი.

იგი ფარდას ხდის ყოველ საიდუმლოს თუ აცხადებულს საიდუმლოთა მყოფს და ფარდა ეხდება თუ ვინ არის რუსთაველი, როგორ და რა ვითარებაში მოხდა ზუსტად ორბელების აჯანყება, რა მოხდა ამ აჯანყების დროს, როგორ იქცეოდა თითოეული მხარე და როგორ გამეფდა თამარი. ამ და სხვა ბევრს ამ წიგნში შეიტყობთ და როგორც ვაზრობ, დეფი ეთანხმება ლევან სანიკიძეს და მიჰყვება მის მოსაზრებას, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩაგითრევთ და გაგიტაცებთ (მთელი ისტორია ზეპირად რომც იცოდეთ)… ბოლოს კი საოცარი დასასრული მოგნუსხავთ და დაგტოვებთ პირღიას.

ნამდვილად არ ვიცოდი ყველაფერი იმ პერიოდზე და ბევრი ფაქტი შევიცანი ამ წიგნის საშუალებით, ამიტომ ყოველთვის სიხარულით ვიტყვი კვლავ, რომ დეფის ეს რომანი უნიკალური ისტორიის და საოცარი პოეტური თხრობის შერწყმაა, რომლის ვირტუოზული თხრობა და სიუჟეტის აღწერები კადრებს 3D განზომილებაში დაგანახვებთ. ბოლოს, მეც ჩამომივარდა ყბა…

სულ ცოტა მოითმინეთ, და მალე ამ წიგნიდან ჩემ მიგნებულ და ამოკრებილ ზოგიერთ ფრაზასაც დავდებ ბლოგზე. ადევნეთ თვალი სიახლეებს.

თქვენი ერკე.