გავემიჯნები

გავემიჯნები – ცებს, მიწებს გადაღმა
სანთლებს ვენთები, სუფთას, კრისტალურს Continue reading

Rate this:

Advertisements

ერკე მიდასი – პატრიოტიზმი!

ჩვენ ყველანი პატრიოტები ვართ!

   ყოველთვის მოისმენთ ამ სიტყვებს, გამოწერილივით ჩაგიბეჭდავენ გონებაში და ცდილობენ ადამიანს წაართვან მთელი ინდივიდუალიზმი, მისცენ მას უნარი, თუ ნიჭი იფიქროს, როგორც ტომის ერთ-ერთმა წევრმა, როგორც ბრბოს ნაწილმა და იფიქროს, რომ იგი რაღაც დიადი მასის ნაწილია, რომელიც უკვდავყოფს მათ სახელს.

   „პატრიოტი ვალდებულია უყვარდეს სამშობლო, ყოველთვის დაიცვას იგი მტერთაგან და რაიმე სახის სხვა უბედურებისგან. საჭიროებისამებრ თავიც კი გაწიროს და პირველ რიგში სამშობლოს სიცოცხლე დააყენოს წინ, ვიდრე თავად მისი“.

   ადამიანებისგან ისე შექმნეს ერთი საერთო გონება, რომ ამას ვერც კი იაზრებენ. ვისაც არ უნდა ჰკითხო პატრიოტიზმის განმარტება, ზუსტად სიტყვა-სიტყვით ციტირებას თუ არა, იგივე შინაარსის ტექსტს მოიყვანს და სახელდობრ, გამოაცხადებს თავის უანგარო სიყვარულს სამშობლოსადმი. ეს სიყვარული კი არც მეტი, არც ნაკლები შეურაცხადობაში გადაიზრდება და ამას კატასტროფული შედეგიც შეიძლება მოჰყვეს. ჩვენ, დაკარგული გვაქვს ის ფასეულობები, რაც ერთ, სრულფასოვან, და დიად ერს შეიძლება ჰქონდეს, დავკარგეთ ტერიტორიები, ომებმა უამრავი ადამიანის შიმშილი და სიცოცხლის ხელყოფა გამოიწვია და რა მივიღეთ სანაცვლოდ? დიადი სახელი ჩვენი ქვეყნის – შეუდრეკელობა, რომ იგი უშიშრად იბრძვის და მარად იბრძოდა მტრის წინააღმდეგ. მარად დაუმარცხებლად მოვედით აქამდე და შევინარჩუნეთ, როგორც სარწმუნოება, ასევე სახელი ჩვენი და ისტორია, ის დიადი ისტორია, რაც გაგვაჩნია ოდითგან მოყოლებული და ძვირფასი მეფეები უბადლო ნიჭიერებითა და გონიერებით სავსენი, მათი გრძელი, დაუსრულებელი სია. შიდა ომები, დაპირისპირება ეპარქიებს შორის, ჩვენს მიწა-წყალზე და ათასი რამ, რაც უნიკალურ ერად გვაქცევს. ილიას სიტყვებით, რაც უნიკალურობას გვინარჩუნებს ეს არის ენა, მამული, სარწმუნოება.

   ერთი რამ კი ისტორიით მუდამ მოგვყვება. სიკვდილი. სიკვდილი, რომელიც თავის მისიას უბადლოდ ასრულებს. ვკარგავთ ახლობლებს, მეგობრებს, ძვირფას ადამიანებს. არ ვიცი რა უფრო მძიმეა, დაკარგო საყვარელი ადამიანი ბრძოლაში და სამშობლოსადმი სიყვარულს შეეწიროს, თუ სრულ სიმშვიდეში, ბუნებრივი სიკვდილით. რა არის საშინელი, როცა ადამიანთან გამომშვიდობების საშუალებაც არ გეძლევა, თუ ის რომ შენს მკლავზე დაწვენილი, ნელ-ნელა გამოეცლება სიცოცხლეს და ბოლო სიტყვის თქმას, თუნდაც მცირედისას მაინც მოასწრებს.

   ჩემი ნაშრომით წინ მინდა აღვუდგე ძველ ტრადიციას, რომელიც დღემდე მისაღები და ჩვენთვის მოსაწონიც კია. ტრადიცია, რომელიც მეფეების დროსაც კი ჩვენს მხრებზე ტყდებოდა და რის წყალობითაც მეფეს ყოველთვის ჰყავდა ჯარი, ზურგი იმ შეუპოვარი მებრძოლებისა, ვის იმედზეც სახელმწიფო იდგა. ეს ჯარში გაწვევის და სხვა პოლიტიკური მიზნებისთვის მათი გამოყენების წესს გულისხმობს. ომი ხშირად გარდაუვალი, ხშირად კი უბრალოდ აუცილებელია რათა სახელმწიფოს რაიმეს დამტკიცების საშუალება მიეცეს ან მხოლოდ თავდაცვით შემოიფარგლოს. ბევრ აზრს მოვისმენთ ომზე, იმასაც რომ საჭიროა ხშირად ვიბრძოლოთ, იმასაც რომ მხოლოდ ომში განისაზღვრება კაცის სიმამაცე და პატრიოტიზმი, მაგრამ მსგავს აზრს ვემიჯნები და საერთოდაც არ მიმაჩნია იგი სწორ დებულებად სიმამაცისა.

   გასაგებია, რომ სახელმწიფოს ზურგი სჭირდება, ჯარის საშუალებით, უამრავ რესურსს ხარჯავენ ჯარისკაცების შეიარაღებაში, ჩაცმულობასა თუ სხვა მომზადების ეტაპებში, მაგრამ ერთ თეთრსაც არ იმეტებენ იმ ადამიანთათვის, ვისაც სწადია რაიმეს შეცვლა, ვისაც სურს არა ომი, არამედ მშვიდობის დამყარება და ამის გზაც გარკვეულწილად უკვე არსებობს, მაგრამ სათანადოდ გამოყენება არ გვისწავლია მისი კაცობრიობას. გზა რთულია, დამსხვრეული შუშებით და ეკლებით სავსე და უჩინარი, ამიტომ უჭირს ხალხს მასზე სიარული, ამიტომ არჩევს უფრო მარტივ გზას, ბრძოლისთვის მომზადების და წინააღმდეგობის გზას, ამას ემატება უთანხმოება სხვადასხვა ქვეყნებთან, საწინააღმდეგო აზრების თავმოყრა, სარწმუნოებისა და ეროვნების სხვადასხვაობა, ეგო, შურისძიების ან უბრალოდ სხვა ერზე გამარჯვების და მათზე ბატონობის სურვილი, რაც ერთი მხრივ მოიაზრებს დიდების წყურვილს, ძლევამოსილების დაუოკებელ სიცხადეს.

   სწორად არ მიმაჩნია აზრი, რომ პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული იმით გამოიხატება, რომ შეგიძლია მისთვის სიცოცხლეც გასწირო, წახვიდე ომში და მტერს აჩვენო თუ რას წარმოადგენ. არც მას ვამბობ, რომ საერთოდაც არ უნდა არსებობდეს და უნდა დავუჩოქოთ ყველას, ვინც მოინდომებს ჩვენს დაპყრობას, მაგრამ უნდა არსებობდეს სხვა განმასხვავებელი ნიშანი, გარდა დედისერთობისა, ან უხელფეხობის და დამბლადაცემულობისა, რის გამოც ადამიანს არ იწვევენ ჯარში. უნდა იყოს სამსახურები, რომლებიც ადამიანებს განარჩევენ მათი უნარებისა და შესაძლებლობების წყალობით თუ სად უფრო გამოიყენება მისი უნარი და ძალა, ფრონტის ხაზზე თუ საწერ მაგიდასთან, ან სხვა უფრო განსხვავებულ სფეროში და უნდა ხდებოდეს მათი ამისთვის მომზადება. მე, როგორც კაცთმოყვარე, მთელი ცხოვრება დღემდე ისე გავლიე, რომ მაქსიმალურად ვერიდებოდი რაიმე შარს, ხიფათს თუ უთანხმოებას. კამათს სიტყვითვე ვაგვარებდი, უკეთეს შემთხვევაში არც ვცდილობდი რაიმე საპირისპიროს თქმას, გაჩუმება გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის მომგებიანი შემოთავაზებაა და უწყინარი. ვარჩევდი სიტყვას მუშტების წინააღმდეგ და დღეს არ შემიძლია გავიხსენო მომენტი, როცა ჩემი ნებით, (და არა გარდაუვალობის გამო) ვინმესთან ჩხუბი და მუშტების ქნევა ამეტეხოს, რაც ჩემს სიძლიერედ მიმაჩნია, რითიც ვამაყობ. ჩემი ძალის მიუხედავად, არ შემიძლია ვინმეს ოდნავი ტკივილი მაინც მივაყენო, სულიერი, ფიზიკური, ამას არ აქვს მნიშვნელობა და ყოველთვის ღიმილით, სიყვარულით და ბედნიერების პოვნით ვგვარდები და ვფიქრობ, რომ მარტო მე არ ვარ ასეთი, შინაგანად ყველა ასეთია, მაგრამ უმეტესობა ფარავს და ცხოვრების სისასტიკე ხან გზას აკარგვინებს შინ დაბრუნდეს მშვიდობით. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემი ადგილი ჯარში ან ფრონტის წინა ხაზზე არაა, და რა, მე არ შემიძლია ვთქვა, რომ პატრიოტი ვარ და მიყვარს ჩემი ქვეყანა? მეზღუდება ვთქვა, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის?

   არა! მე პატრიოტი ვარ. მიყვარს საქართველო, მიყვარს მისი ყოველი კუთხე, მისი ყოველი ერი და ადამიანი, ვინც კი ქუჩაში თუნდაც მარტო, საწყლად მზირალი მხვდება, სახე სევდით დაუსერია და მშველელს ეძებს. რამდენჯერ მივსალმებივარ სწორედ ამ მომენტში უცხო ადამიანს, რომელსაც ვხედავდი რომ რაღაც აწუხებდა და უბრალოდ ტკბილი სიტყვები მითქვამს, წარმატებები მისურვებია. ზოგი მომბრუნებია, მადლობა გადაუხდია და თამამად უღიარებია, რომ კარგ განწყობაზე დავაყენე. ეს მადლობა – არ არის დასაკარგი, დასავიწყებელი. ჩემთვის იმ წამს, და ახლაც ბევრს ნიშნავს და დიდებულ გრძნობას მიღვივებს, სადღაც ჩემში, მარცხნივ. ეს ის ბედნიერებაა, რომელსაც ფულით ვერ იყიდი, შეგრძნება რომელსაც ვერ დაეუფლები რაც არ უნდა ფული აბნიო ქუჩაში. იგი ადამიანებისგან მოდის, ემოცია, ღიმილი, სიხარული, რაღაც დიადი განცდის, სწავლის წყურვილი. ეს არის, რაც ადამიანებს დღემდე სჭირდებათ, რაც ადამიანობას გვინარჩუნებს და რის გამოც მოვედით დღემდე, და არა ის გადახდილი ბრძოლები, რასაც თითებზე სიამაყით ვითვლით.

   პატრიოტი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს სამშობლო და ნებისმიერი რამით, თუნდაც მცირედით, იმის ხმამაღლა თქმით – მე მიყვარს სამშობლო – გამოიხატება და არ განსაზღვრავს ძალა, თავგანწირვა. თავგანწირვა არ გულისხმობს აუცილებლად სიცოცხლის ხელყოფას, ადამიანს შეუძლია თავი გაწიროს სამშობლოსთვის, თავი გადადოს და ემსახუროს მას სიყვარულით მთელი სიცოცხლის მანძილზე.

ე.მ.