BLACK

39217

ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა. ყოველ დღე ვრწმუნდები, სამყაროს სიდიადეში, მასში ჩადებულ საიდუმლოებების არსებობაში და ვრწმუნდები, რომ იმაზე მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სიტყვები შეიძლება ქარში დაიკარგოს, ფიქრები შესაძლოა გონებაში ჩაიხვეს და გაიფანტოს, მაგრამ ადამიანის შესაძლებლობის ზღვარს ვერც ერთი მოვლენა ვერ დაწევს. სწორედ, ამ შესაძლებლობების საზღვრის წარმოჩენაზეა ფილმი, რომელიც ახლა თვალწინ გაქვთ. იმ შესაძლებლობების, რაც კი სიტყვებით აუღწერელი, ფიქრებით დაუნახველი და გრძნობებით გამოუხატველია. ასეთი განსაკუთრებული გოგონა იყო მიშელი, მიზანდასახული, მონდომებული და დაუზარელი. მას სურდა, ეწადა შეეცნო საიდუმლოება და შეიცნო კი ის?

უბრალოდ ერთი საშინელი თვისება გვაქვს. რაც არ გვესმის, რაც უცხოა და განსხვავებულია ჩვენგან, მას დავცინით, აბუჩად ვიგდებთ და გულის სიღრმეში არც კი გვაწუხებს ამის შესახებ. ავს ვთესავთ და კარგის მომკას ველით, თუმცა ეს ავი კიდევ უფრო მეტ საშინელებაში გადაიზრდება და ბოლოს კართან მისულებს გვიკვირს – საიდან? საიდან და ჩვენი სულიდან. ყოველთვის მჯეროდა, რომ ბედისწერა, – ეს ჩვენი ქმედებების, ჩვენ მიერ ნათქვამი სიტყვების, გულში გავლებულ იდეების ანარეკლია. ისინი, რომ არა ჩვენი ცხოვრება ისეთი არ იქნებოდა, როგორც ახლა. ბრძოლა გადარჩენისთვის ისეთ რამეებს გვაკეთებინებს, რომ ჩვენი თავისაც გვიკვირს, ან არ გვიკვირს, მაგრამ აშკარად ვგრძნობთ განსხვავებას. დიახ, ბრძოლა ყოველ ჩვენგანს იმ ბნელ გულის კუთხეში გვახედებს, სადაც სიცივე, სიცარიელე და სიველურე დევს, საითაც საკუთარი ნებით თითი არ გაგვიწვდებოდა. ვერ ვუმკლავდებით საკუთარ სურვილებს და მთლიანად სიბნელე გვშთანთქავს, მაგრამ ჩვენ უფალმა თვალები გვიბოძა სინათლის დასანახად, უბრალოდ ჩვენ არ მივიწევთ სინათლისკენ. ხოლო ერთი პატარა, რვა წლის გოგონა, რომელიც ავადმყოფობის გამო დაბრმავდა და დაყრუვდა, ვინც უკუნ სიბნელეში დარჩა, მთელი ცხოვრება ეძებდა გზას სინათლისკენ…

ეს ფილმი, არა მარტო თვითგადარჩენაზეა, არა მარტო ბრძოლაზეა საკუთარ თავთან, არამედ თავად ცხოვრებაზეა. ბნელში დარჩენილი გოგონა თავის მასწავლებელთან ერთად ცდილობს, მთელი არსით ცდილობს ისწავლოს და მის არსებას ნათელი დაეპატრონოს. თავიდანვე მომიცვა ელდამ, დასაწყისშივე შევშინდი და გული ამიფორიაქდა. ვერ ვიტყვი, რომ სიბრალულს ვგრძნობდი მის მიმართ, რადგან არ შეიძლება სიბრალული იგრძნო ადამიანის მიმართ, ვინც ცდილობს, იღწვის, სწავლობს, ნათლდება. მე პირიქით, ის თავიდანვე შემიყვარდა, გულის ყურით ვუყურებდი და ყოველ სიტყვას დაკვირვებით ვისმენდი. სრულ სიჩუმესა და სიბნელეში მან შეძლო საუბარი, შეძლო ეთქვა ჩვენთვის მთავარი სათქმელი და დაენახებინა, რომ ისიც ჩვენნაირია, რომ არაფრით განსხვავდება მათგან, ვისაც საშუალება აქვს დაინახოს, საშუალება აქვს მოისმინოს და მაშასადამე იმეტყველოს დაბადებიდან.

მიშელი განსაკუთრებული გოგონა იყო ჩემთვის და ამად დარჩება. იგი სიმბოლოა დაუღალავი მცდელობებისა და სიმბოლოა შიშის დაძლევის, რასაც წარმატებამდე და ბოლო ეტაპამდე მივყავართ ცხოვრების, სინათლე.

 

უკანასკნელი იმედი / BLACK

გადადით ლინკზე, და აუცილებლად უყურეთ ამ სევდიან, მაგრამ უსასრულო შესაძლებლობებით სავსე ადამიანის ცხოვრებას და მისი სასწაულმოქმედი მასწავლებლის მცდელობებს, რომ ყველაფერმა შედეგი გამოიღოს. უყურეთ, და თავად მიხვდებით თუ რატომ არ უნდა ავიგდოთ აბუჩად ადამიანი, ვისაც რაიმე არ ძალუძს. ის მაინც ყოველ ძალსა თუ ღონეს დახარჯავს და შეძლებს, დაჩრდილავს ყველასა და ყველაფერს და თქვენ გაოცებულს, განცვიფრებულს დაგტოვებთ. მე მიმაჩნია, რომ ადამიანი მისი გარეგნული მახასიათებლებით არ ფასდება. ფასდება შინაგანი ღირებულებებით, მისი სულით, შემართებითა და შინაგანი ძალით!

ერკე წარმატებებს გისურვებთ.

Advertisements