ერკე მიდასი – ერკემიდასი

unknown-planet-1438793525kci 1მიზეზი თუ რატომ დავირქვი ფსევდონიმად ერკე მიდასი შეიძლება აქ ბოლომდე არ პასუხობს კითხვებს, მაგრამ გეტყვით. ჯერ გაჩნდა პლანეტა ერკემიდასი, რომელიც პირველად ამ მოთხრობაში იქნა გამოყენებული, შემდეგ კი იმავე სახელწოდების ფსევდონიმი ავიღე. რატომ ერკემიდასი? ამას თავად გაეცით პასუხი, ის ხო ასეთი ლამაზი და მაცდურია.

დაიწერა კონკურსი ჩრდილისთვის, სადაც მესამე ადგილი მივიღე და საჩუქრები ამ კონკურსის დამაარსებლებისგან. მადლობა მათ, რადგან ისინი რომ არა, საერთოდ არ გაჩნდებოდა პლანეტა ერკემიდასი.

 

პლანეტა ერკემიდასი.

2999 წელი.

წლებთან ერთად მეცნიერება ძალიან განვითარდა. აღმოაჩინეს ახალი ელემენტები, რომლებიც ადრე საერთოდ არ არსებობდნენ და ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნა. შენდებოდა ახალი და ყველაზე მაღალი შენობები, რომელთა სიმაღლე 5, ზოგის კი 8 კილომეტრამდეც აღწევდა. სულ უფრო საჭირო გახდა თავდაცვითი იარაღების წარმოება და ნელ-ნელა იარაღიც იხვეწებოდა, მძლავრდებოდა და საშინელ ფორმას იღებდა.

 

დედამიწა განადგურდა მას შემდეგ, რაც იაპონელმა მეცნიერებმა გამოიგონეს ახალი იარაღი, რასაც დიდი ხნის მანძილზე საიდუმლოდ აშენებდნენ. სრულიად გასაიდუმლოებული ინფორმაცია იყო და საჭიროდ ჩათვალეს მაშინ ეთქვათ, როცა დასრულდებოდა მისი შენება. მსოფლიოზე ბატონობის მიზნით უნდოდათ მისი შექმნა, გამოგონება. მისი კონსტრუქცია შეიმუშავა იაპონელმა მკვლევარმა, მეცნიერმა, ბრწყინვალე არქიტექტორმა და ასევე დიდმა ფილოსოფოსმა – შიგერუ ტადაშიმ. ეს მოხდა 2723 წელს. ამის შემდეგ კი მისი აგება გენერალ ტაკერო ტაკუმუმ ითავა. ის თავისი წოდებით ყოველთვის ამაყობდა და ყველას ქედმაღლურად უყურებდა. მის სწორად არავის მიიჩნევდა. პრეზიდენტსაც აგდებულად ელაპარაკებოდა, რადგან პრეზიდენტი უკვე აღარაფერს წარმოადგენდა მის თვალში და ფორმალურადაც. გენერალი პირველი პირი იყო იაპონიაში. მაშინ შეიცვალა როლები, როცა ქვეყანაში შიმშილი დაიწყო, ამას თან ერთვოდა ქაოსი და ხალხის პანიკა. პრეზიდენტი საქმეს ვერ უძღვებოდა, ეს არ აპატია და უფლებებიც დააკარგვინა. ამის შემდეგ კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანეს და პრეზიდენტი უბრალო ადამიანად აქციეს. დარჩა მხოლოდ სახელი.

ტაკერო ტაკუმის შემდეგ მისი აშენება ბევრს გადააბარეს. ექვსი გენერლის ხელში გაიარა ამ საოცარი ძალის იარაღმა, რამაც კაცობრიობას ზარალი მოუტანა.

2955 წელს, როცა იარაღის წარმოება დასრულდა მას ხელმძღვანელობდა გენერალი სიმუშ კავაში, რომელსაც მუდამ დაბღვერილი გამომეტყველება ჰქონდა, წარბები კი ერთმანეთთან ისე ახლოს იყვნენ გეგონებოდათ ერთმანეთს მაგრად ჩახუტებოდნენ. შუბლი შეჭმუხნული ჰქონდა და პატარა ჩაღრმავებები ზოლებად ემჩნეოდა თვალებს შორის. ის ჯერ მხოლოდ 36 წლის იყო და ყველას ეგონა, რომ კავაში ასეთი სახით დაიბადა და მას მერე სულ ასეთი დადიოდა. მას აბუჩად იგდებდნენ და ხმებიც დადიოდა, ხმები მის ყურამდეც აღწევდა, მის თანდასწრებით გაცინებას კი ვერავინ ბედავდა. ყველას მისი სერიოზული და სადისტური გამომეტყველების ეშინოდა. მისი სიარულის მანერა ჯარისკაცისას ჰგავდა. წელში გამართული და უკან ხელებგადაჯვარედინებული დადიოდა. თავის თავში ჩაკეტილ იდიოტს თუ მოგაგონებდათ, მაგრამ ამის პირში მთქმელი არავინ იყო.

ტელევიზიით, რომ გამოვიდა მაშინ მან ყველაფერი თქვა და დაასახელა ზუსტი თარიღიც კი ამ იარაღის წარმოების დაწყებისა. ყველას მისდამი ზიზღი და დამცინავი გამომეტყველება სიბრალულში გადაეზარდათ. შეიძლება ყველაზე ძლიერ და დამანგრეველ იარაღზე საუბრობდა, მაგრამ მას კარგად ეტყობოდა სახეზე შიში. მისი გამომეტყველება ყველას ეუცნაურა და ტელევიზორებთან მიაჯაჭვა. ძველი გენერალი სადღაც გამქრალიყო, ის პირქუში, კუშტი სახის მქონე გენერალი, რომლისაც ყოველთვის ეშინოდა ყველას და მასთან საუბრისას თითოეული სიტყვა კარგად უნდა აგეწონა. შეცდომას არავის პატიობდა, მაგრამ ახლა მისი სახე მხოლოდ შიშს გამოხატავდა და მის შემხედვარე სიბრალული თუ გაგიჩნდებოდა. ვერ ახსნიდნენ ამას რატომ, მაგრამ ასე იყო.  ის კამერაში უზარმაზარი იარაღის წინ იდგა (ეს ის იარაღი არ იყო, რომელსაც ხელში დააჭერინებ ჯარისკაცს და ომში, წინა ფრონტზე გააგდებ) და მასზე დაზეპირებული ტექსტით საუბრობდა. ეს მომენტი ყველას დამახსოვრებოდა, მისი სახე ყველას გონებაში აღბეჭდვოდა. ის მათი გენერალი არ იყო. ხალხი ფიქრობდა ვიღაცამ ჩვენი გენერალი მისი კლონით ჩაანაცვლაო, მაგრამ თვითონაც ხვდებოდნენ რა სისულელე გაივლეს თავში. დაზეპირებული ტექსტის სწრაფად ლაპარაკის დროს უცებ გაჩერდა, აკანკალებული ხელი სახესთან მიიტანა, შემდეგ თითი კამერისკენ გაიშვირა და ხალხს მოუწოდა, რომ სამყარო სრულდებოდა. იფიქრებდით ჰიპნოზის ქვეშაა და სხვა მართავსო. მან შეშინებულმა ერთი ფრაზაც თქვა და ამას დამატებული მისი გამომეტყველება მართლაც საზარლად ჟღერდა. თვალები გაშეშებოდა და კამერას მიშტერებოდა. სიტყვებმა უადგილოდ გაიჟღერა და გიჟის ნაბოდვარს უფრო ჰგავდა. ამ გამოსვლის მერე გენერალი სიმუში აღარ უნახავთ. მოგვიანებით კი მისი სიკვდილის შესახებ გამოაცხადეს. გულის შეტევით გარდაიცვალა.

„-ირგვლივ უცნაური სიჩუმე იდგა. უეცრად, ლამპიონის შუქით განათებულ გზაზე, ვიღაცის გრძელი ჩრდილი დაეფინა.“

ამ სიტყვების აზრს ვერცერთი თანამოქალაქე ვერ მიხვდა, მაგრამ არც ყურადღება მიაქციეს. (ამის გახსენება მხოლოდ მოგვიანებით მოუწიათ) აცახცახებული ხელები ტრიბუნაზე ედო. მის თვალებში კი საზარელი ღრმული გაჩენილიყო, უკიდეგანო ფსკერი. დასასრული.

რაც შეეხება იარაღის შედგენილობას და მისი აგების დროს წარმოქმნილ სირთულეებს:

იარაღს შემქმნელებმა „სიცხის ცეცხლოვანი საფარი“ უწოდეს. ეს გარკვეულწილად მის ფუნქციებზეც აისახებოდა. მათ გამოიგონეს ახალი ლითონი, ნივთიერება – ამიტრანიუმი, თუმცა ბუნების საჩუქარი უფრო ეთქმოდა. მათ ამიტრანიუმის ბუნებრივი საბადო აღმოაჩინეს, რა თქმა უნდა, სახელი თავად მოიფიქრეს. ეს ლითონი მენდელეევის სისტემაშიც კი მოხვდა და საკმაო სიმყარით გამოირჩეოდა. მისი გალღობა სცადეს, მაგრამ სიძნელეებს წააწყდნენ. ის არ ლღვებოდა მაღალ ტემპერატურაზეც კი.

მოგვიანებით შეძლეს მისი დამორჩილება. 4000 გრადუსსაც უძლებდა და არ იშლებოდა მისი ნაწილაკები. ტემპერატურა სპეციალურ ოთახში უფრო გაზარდეს ( ამ ოთახის შექმნას რამდენიმე წელი მოუნდნენ. პროექტი ამერიკელ ჯორჯ კენინგტონს ეკუთვნოდა, რომელიც ამ იდეას ინტერნეტ სივრცეში ხმამაღლა აშუქებდა.), წნევაც გაზარდეს მაქსიმალურად და ოთახში ტემპერატურა 8000 გრადუსს აცდა, ამის შემდეგ ამიტრანიუმმა ლღობა იწყო. ის იმ მომენტში ყინულის ლღობას გავდა, მაგრამ ძალიან დიდ ტემპერატურაზე. ამიტრანიუმი თეთრი შეფერილობის ნივთიერება იყო. იაპონია ამ ნივთიერებით მდიდარი იყო და ამან შეუწყო ხელი იარაღის შექმნას. დედამიწაზე ყველაზე ღრმა ჭაბურღილი 2900 კილომეტრი სიღრმის იყო, ანუ ქვედა მანტიას გაცდა, ამიტრანიუმისგან დამზადებული ორი კილომეტრის დიამეტრის ბურღით კი დედამიწის ბირთვამდე ჩავიდნენ.

„სიცხის ცეცხლოვანი საფარი“-ც ამავე ნივთიერებისგან იგებოდა. ის სასრუტივით იყო და მისი ფორმა ჰქონდა. მტვერს არ ისრუტავდა, ის ბირთვს ისრუტავდა. ყველაზე მძლავრი იარაღი იყო. ბირთვი გამდნარი რკინისგან შედგება, რომელიც დედამიწაზე ლავის სახით ამოდის. მეცნიერებმა კი შეძლეს ისეთი იარაღის შემუშავება, რაც ლავას ხელოვნურად გამოიწვევდა და საითკენაც სურდათ იქითკენ მიმართავდნენ მის ნაკადს. საკმაოდ გრძელი იყო და მისი ტანი ბირთვამდე ჩადიოდა, დიამეტრი ორი კილომეტრის სიგრძის იყო, ასევე პატარა განშტოებებიც ჰქონდა ზედაპირზე წყლის მილებივით. გამდნარ რკინას იწოვდა და ნებისმიერ ადგილას ტყორცნა შეეძლო. ამ იარაღით ნებისმიერი ქვეყნის, კუნძულის და ნახევარკუნძულის გაქრობა შეიძლებოდა რუკიდან.

მსოფლიო მოვლენას ყველა არხი და ყველა ტელევიზორი გადასცემდა. უკვე მრავლად იყო ქუჩაში არცთუ ისე მაღალ შენობებზე დამაგრებული ტელევიზორები, რაც გამვლელების ყურადღებას იქცევდა მთელ მსოფლიოში. ყველა პრესა და ინტერნეტ ტელევიზია ამაზე საუბრობდა, იარაღის შესახებ ყველას უნდა სცოდნოდა და ყველას გაეგო. მართკუთხა საინფორმაციო ყუთის შუაში ჭაღარა თმიანი, შავი წვერითა და უზარმაზარი შეერთებული წარბების მქონე მუშტებშეკრული იაპონელი კაცი იდგა. მის უკან უზარმაზარი თეთრი ფონი მოჩანდა, რაც ყველაზე სქელ და მაღალ რაკეტას ჰგავდა, რომელიც ასაფრენად უკვე მზად იყო.

2974 წელს დედამიწამ ნგრევა დაიწყო.

ამ იარაღმა დედამიწის ბირთვი მთლიანად შეისრუტა, ამან მის ქერქში ცვლილებები გამოიწვია, დედამიწა გამხმარ ვაშლს დაემსგავსა, რომელიც გამოსაყენებლად უკვე სრულიად უვარგისი იყო. დადგა გაქცევის ჟამი. დედამიწა დაიშალა.

ერკემიდასზე მგზავრობა ხანგრძლივი აღმოჩნდა. 25 წელი უცნობი პლანეტის ძიებაში გავიდა. ამ ძიების დროს ზოგი იღუპებოდა და ზოგი იბადებოდა. ციკლი არ შეწყვეტილა და გამუდმებით იზრდებოდა მოსახლეობა. ამ უცნობი პლანეტის შესახებ არაფერი იცოდნენ. მზის სისტემისგან ძალიან შორს ახალი მბრწყინავი ვარსკვლავი აღმოაჩინეს, რაც ახალ მზედ მონათლეს. მისი სიმრუდის გამო ყვითელ და გავარვარებულ კვერცხს ჰგავდა, მაგრამ მათთვის მათ სიახლოვეს ჩაფრენა პრობლემას არ წარმოადგენდა. ორი დიდი მფრინავი ხომალდით გადაადგილდებოდნენ, რომელიც დედამიწიდან მალევე აფრინდა, ძველი პლანეტა რომელიც მილიონობით წელს ითვლიდა გაქრობის პირას იყო და წუთებიღა რჩებოდა. ხომალდები იაპონური წარმოშობის იყო და მის კორპუსზე გარედან იეროგლიფებით ეწერათ სახელები. მის ქვემოთ პატარა ოვალური კორპუსი ჰქონდა მის ზემოთ ბუშტის ფორმის მეტალთან შედარებით, რაც მზეზე მასზე ორჯერ დიდ ჩრდილს წარმოშობდა. კორპუსი არ იყო პატარა, უამრავი ადამიანისთვის განკუთვნილი ოთახები, ერთი დიდი დარბაზი სადაც სამასი კაციც დაეტეოდა ისე, რომ ერთმანეთს არ შეაწუხებდნენ. ცალკე განყოფილება იყო ცხოველებისა და ფრინველებისთვის, ხოლო მცენარეების ნერგები ყუთებში და კონტეინერებში იყო მოთავსებული. იქ მოხვედრას ბევრი ცდილობდა, მაგრამ ხალხის დიდი ნაწილი პლანეტასთან ერთად გაქრა. ვინც გადარჩენა მოახერხა მათაც კოშმარად ექცათ სიცოცხლე. ჰაერში გამოკიდებულები ახალ პლანეტას ეძებდნენ, სადაც ცხოვრებას გააგრძელებდნენ. თითო ხომალდში 250 ადგილი იყო, თუმცა არ იყო ყველა დაკავებული. ხალხი ცოტა იყო. ასევე რამდენიმე წლის სამყოფი საჭმელ-სასმელი ორასი ადამიანისთვის. მათ მიაღწიეს დანიშნულ ადგილს, პლანეტას კი „ერკემიდასი“ უწოდეს.

ერკემიდასი ყვითელი და ლამაზი პლანეტა იყო მხოლოდ რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით ხომალდიდან. როცა დასხდნენ პლანეტაზე ღია ყვითელი მიწა ძალიან ფხვიერი ჩანდა. ასეთი ნიადაგი ჯერ არსად ენახათ. მათ გასაკვირად კი აქა-იქ უცნაური ფორმის ძელები ჩამწკრივებულიყო. მიწიდან ბუნებრივად ამოსულს ჰგავდა, რადგან ერკემიდასი უკაცრიელი იყო და არავის შეეძლო იქ ეს რაღაცები მიწაში ჩაერჭოთ. ზოგი დაბრეცილი ფორმის იყო, ზოგი მოკაუჭებული და ზოგიც სწორი. ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრი აშორებდათ და ფერი მოყავისფრო წითელი, თუმცა ზუსტად ვერ იტყოდი რადგან ასეთი ფერი დედამიწაზე არ არსებობდა. ჰაერს თან რაღაცის მომჟავო სუნი დაჰკრავდა, როგორც კი იყნოსავდი ამას მაშინვე შენიშნავდი. შეჩვევისთანავე ყველაზე სუფთად წარმოგედგინა, თან ადამიანზე შესანიშნავად მოქმედებდა. თითქოს სამკურნალო დანიშნულებაც ჰქონდა, რადგან ნაკაწრები მალე ქრებოდა, გრავიტაციის კანონი აქაც მოქმედებდა. ხომალდზე საკმარისი რაოდენობის ჰაერი ჰქონდათ, ასევე სხვადასხვა მცენარეების ფესვები და ცხოველებიც წყვილ-წყვილად გალიებში გასამრავლებლად. მეორე დედამიწის პოვნა სურდათ. როცა გარეთ სკაფანდრებით გამოვიდნენ პირველი რაც გააკეთეს – ცაში აიხედეს. ცა სისხლისფრად მოჩანდა და იასამნისფერი ალაგ-ალაგ დაჰკრავდა. როგორ გინდოდა დედამიწას მიგემსგავსებინა, ცას ვერ გადაასხვაფერებდი. ჰაერის შესამოწმებლად მოიხსნეს ნიღბები და მათ იგრძნეს ნოტიო მჟავე სუნი, მაგრამ სასიამოვნოდ გრილი. ეჭვიც გაჩნდა მათში. „ნეტავ აქ თუ არსებობს ღმერთიო“. ზოგის ვარაუდით ღმერთი არა მარტო დედამიწაზე იყო არამედ მთელს გალაკტიკაშიც, მაგრამ ბევრი წვრილთვალება ამტკიცებდა, რომ დედამიწასთან ერთად გაუჩინარდა.

მოგვიანებით შეიტყვეს „ძელების“ ზუსტი დანიშნულება და მათ სიცოცხლესაც საფრთხე დაემუქრათ. ისინი ყველაფერს მიხვდნენ, როცა დაბნელდა.

სიბნელეში ნელ-ნელა ერკემიდასის ზედაპირიდან ამოშვერილმა უცნაურმა რაღაცებმა ნათება იწყეს. შუქი მკაფიოდ მწვანე ფერს ასხივებდა და ისეთი ლამაზი იყო, რომ თვალს ვერ მოწყვეტდი, მაგრამ დიდი ხნით ყურება თვალებს გიჭრელებდა, გაჰიპნოზებდა. ყველა გარეთ იყო და ამ საოცრებას აკვირდებოდა. ცეცხლი უფრო მალე დაინთო ვიდრე ეს დედამიწაზე ხდებოდა და ლურჯი ალი ავარდა დიდ სიმაღლეზე. ხალხი ჯგუფებად მოგროვილიყო ცეცხლთან და თბებოდა, ბევრი ისევ ხომალდზე დარჩა, რადგან არ აინტერესებდათ რა ხდებოდა გარეთ. უფრო შიშის გამო არ გამოდიოდნენ, უცხო პლანეტას არ ენდობოდნენ.

ირგვლივ სიმწვანე იყო, მწვანე სინათლე ყვითელში გადადიოდა, თითქოს ნიადაგიც ანათებდა. ამაზე შეგეძლოთ გეთქვათ – სადმე იდეალური პლანეტა თუ არსებობს ეს პლანეტა, სწორედ ერკემიდასიაო…

მაგრამ იდეალური არაფერია…

   ტკბილი დრო მოაგონდათ, ერთ დროს დედამიწაზე ცეცხლს რომ შემოუსხდებოდნენ და ამბებს ყვებოდნენ ხოლმე. ყველა ერთმანეთს არ იცნობდა, რადგან ზოგი ერთი ხომალდიდან იყო, ზოგი მეორედან, მაგრამ ერთ ხომალდში ჩაკეტილებს ოცდახუთი წელი ერთმანეთის კარგად გასაცნობათ ნამდვილად ეყოთ.

ალი ლურჯიდან ცისფერში გადადიოდა, მერე ყვითლდებოდა და კვლავ ლურჯს უბრუნდებოდა. წამიერად მწვანეც ჩანდა ხოლმე „ძელების“ გავლენით, რომელსაც იმ ნათების გამო ლამპიონები უწოდეს.

-ღმერთო, როგორ გავს ლამპიონებს. – წამოიძახა ერთმა ხუჭუჭთმიანმა ბიჭმა ამ საოცრების დანახვისთანავე. ამ შუქზე მათი ჩრდილები უცნაურად მოჩანდა, ზოგი მოძრაობდა მაშინაც თუ თვითონ გაჩერებულები იყვნენ და ეს არ უკვირდათ. ახალი პლანეტა სავსე იქნებოდა გამოუცნობი მოვლენებით, რასაც ადამიანის გონება ვერ ჩასწვდებოდა. ისინი დარწმუნდნენ, რომ დედამიწაზე საოცარი და ბევრად საიდუმლოებებით მოცული პლანეტებიც არსებობდნენ და ინანეს, რომ აქამდე არ ჰქონდათ გამოყენებული ხომალდები სახელად „კიდობანი“ მათ გასაცნობად.

სიჩუმე ჭაღარა ბერიკაცმა დაარღვია, რომელსაც დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა იმდენად მოხუცი იყო. ის ადამიანებში ყველაზე მოხუცი იყო, თუმცა ეს მხოლოდ მას შემდეგ რაც დედამიწა დაიშალა. მას თვალზე ცრემლი მოადგა და დედამიწა გაახსენდა, იქაური ამბის მოყოლა უნდოდა. მოყვა თავის ბავშვობაში როგორ ერთობოდნენ ბიჭები ტბის პირას. -ზაფხული უკვე დამთავრებული იყო, სკოლა უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ჩვენ არ გვინდოდა. ისევ გართობა გვინდოდა და ტბაში ბანაობა. საღამოვდებოდა მაგრამ მაინც ვბანაობდით, ნაპირზე კი ცეცხლი გვენთო და აკანკალებულები ამოსვლისთანავე გასათბობად მივვარდებოდით ხოლმე. იმ მხარეს ვგროვდებოდით საითაც კვამლი….

რაღაცამ გააწყვეტინა თხრობა. ხმა მოესმა თუ მოეჩვენა? -თქვენც გაიგონეთ? – იკითხა შეშინებულმა და თითი მის პირდაპირ გაიშვირა. -დაინახეთ? იქ რაღაცამ გაირბინა. – აკანკალებული ბერიკაცი შიშით თრთოდა, თუმცა მისი ნათქვამი არავინ იღო ყურად. დაბერდა და ჰალუცინაციები დაეწყოო ფიქრობდნენ და მათში ეს სალაპარაკო თემად იქცა. ერთმანეთს გადაულაპარაკებდნენ და შემდეგ იცინოდნენ, ოღონდ ისე რომ ეს მოხუცს არ გაეგონა. მისი წვრილი თვალები იმდენად შევიწროებულიყო გეგონებოდათ თვალები დაეხუჭა და გარდაიცვალაო, არც ისე მკვეთრად სუნთქავდა. მოხუცი ხშირად არ ლაპარაკობდა, კიდევ შეშინებული სახით იყურებოდა და წლებმა თავისი ქნეს, სახეზე უტყვი იარები დააჩნიეს. მრავალ ტანჯვა ნახულ კაცს ჰგავდა და ასეც იყო. რამდენიმე კაცმა აიყვანა და თავის ოთახში დააწვინეს. მაინც გამუდმებით იმეორებდა უფრთხილდით, იქ რაღაც დავინახე, ფრთხილად იყავითო. ახალგაზრდები თავს უქნევდნენ ფრთხილად ვიქნებითო და ოთახის კარი მოუკეტეს. კარების იქიდან კი მათი სიცილის და ჩუმი გადალაპარაკების ხმა მოესმა.

ხალხი ყველა ეროვნების იყო, ყველა ქვეყნიდან შეკრებილიყვნენ თითქმის, რადგანაც გადაერჩინათ ყველა რჯული, სარწმუნოება და ყველა ქვეყნის განსაკუთრებული ნიშნები. ბოლოს მაინც ცდუნებამ სძლიათ და ყველანი გარეთ გავიდნენ, რომ იმ სილამაზით დამტკბარიყვნენ, რაც ატყვევებდა მათ თვალებს. მას ვეღარ შორდებოდნენ, არავის არ უნდოდა „კიდობანზე“ დაბრუნება და ღრიანცელი მოეწყოთ. წყვილები კოცნით იყვნენ დაკავებულები, სხვები კი უბრალოდ საუბრობდნენ და ერთმანეთს წარსულს უყვებოდნენ. ღამე უსაშველოდ გაიწელა და მათაც სიამოვნებდათ. ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურებას ამ „ლამპიონების“ ყურება ერჩივნათ. რამდენიმე ხელსაც კი ახებდა მათ და ზოგი კი მთვრალივით ეცეკვებოდა. ჩრდილები უცნაურად იგრიხებოდნენ და იზრდებოდნენ, მათი ჩრდილები ადამიანისას არ ჰგავდა მაგრამ ამას მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდათ.

უსახელო ბერიკაცი კი თავის ოთახში შეყუჟულიყო, ემბრიონის ფორმა მიეღო. მუხლები მუცელზე ჰქონდა მიკრული და საბნის ქვეშ თბილად იწვა, თუმცა არ ეძინა. შიში ტანჯავდა. იმის შიში, რაც იქ დაინახა. არ მოლანდებია, იქ მართლაც იყო შავი უზარმაზარი რაღაც, რაც კარგად ვერ გაარჩია, თუმცა ზუსტად იცოდა რომ ნახა და არ გაგიჟებულა. საიდანღაც ახსოვდა, რომ ასეთი რამ ერთხელ უკვე ენახა, მაგრამ ვერაფრით იხსენებდა როდის. სიბერემ თავისი ქნაო გაიფიქრა და ცდილობდა ამაზე აღარ ეფიქრა, მაგრამ მაინც ვერ უძლებდა ცდუნებას. ამ პლანეტაზე რაღაც ისე არ იყო როგორც მათ ეგონათ. „ეს ვითომდა უწყინარი პლანეტა ცოცხალია“ უნებურად გაიფიქრა, ისე რომ ვერც აცნობიერებდა რას ფიქრობდა და თვითონვე შეეშინდა ამის. თვალების დახუჭვას ვერ ბედავდა, ეშინოდა ძილში სიკვდილის. საერთოდ სიკვდილის ეშინოდა ამ პლანეტაზე. უკვე დაძინებას აპირებდა, როცა „კიდობანის“ კარები ღრჭიალით გარახუნდა. მოხუცი შეხტა და გარეთ გალასლასდა. დარბაზიდან ყვირილის ხმა ესმოდა და ფიქრობდა, რომ ყველაზე მთავარი უკვე მოხდა.

-ეს რა იყო, ღმერთო. ღმერთი არის აქ საერთოდ? – ხმა მთელ ხომალდს შიშისმომგვრელ ექოდ მოედო. როცა მოხუცი დარბაზში გავიდა ორი ახალგაზრდა ბიჭი შენიშნა. სწორედ ისინი, ვინც ხელში აყვანილებმა ოთახამდე მიაცილეს. იკითხა რა მოხდაო, მაგრამ ქვეცნობიერად ზუსტად იცოდა რაც მოხდა.

-იქ რაღაც არსებები არიან, თქვენ რომ თქვით ისეთი ზუსტად. უფორმო და უსხეულო. მხოლოდ მწვანე შუქში ჩანდნენ ჩრდილებად. -შეშინებულმა და აკანკალებულმა ბიჭმა გიჟივით მორთო ღრიალი. – ჩვენ ვერ გადავრჩებით. – დაამატა მეორემ.

-დანარჩენები სად არიან? – იკითხა მოხუცმა. ყველანი დაიხოცნენო რომ უთხრეს შეაჟრჟოლა ტანში და შიშის განცდა უფრო გაუძლიერდა. – თავს მგონი ჩვენი ჩრდილები დაგვესხნენ, ჩვენი საკუთარი ჩრდილები. – მარცხნივ მდგომმა ძლივს ამოიდგა ენა, შესაძლოა მართალიც იყო.

ორივეს სახე შეშლოდათ. საზარლად იყურებოდნენ და ფიქრობდნენ, რომ მათთვის ყველაფერი დასრულებული იყო. მოხუცი დაფიქრდა და წლების წინ ნანახი სიზმარი გაახსენდა. მწვანე შუქი, ჩრდილები.

გაახსენდა მისი სიტყვებიც.

„ირგვლივ უცნაური სიჩუმე იდგა. უეცრად ლამპიონის შუქით განათებულ გზაზე, ვიღაცის ჩრდილი დაეფინა.“

ამ პლანეტას გზა რამდენად ეთქმოდა არ იცოდა, მაგრამ ის თქვა რაც დაინახა.

მოხუცი – გენერალი სიმუშ კავაში იყო.

Advertisements

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s