რკონი

1412rkoni   ოცი აგვისტო, 2016 წელი სამუდამოდ აღებეჭდა ჩემი გონების ფირზე და იქიდან წაშლას მეხსიერების სრული ამოშლა მირჩევნია. ვისაც არასდროს უნახავს ეს ულამაზესი ადგილები და არ გაუვლია თამარის ხიდამდე ის ბილიკი, სჯობს ახლავე აისხათ გუდა-ნაბადი და რკონისკენ გზას დაადგეთ. ტურს ჩემი არანორმალური ძმაკაცი ხელმძღვანელობდა, დიდი ხანია საგიჟეთში რომ არის წასაყვანი ისეთი, მაგრამ რატომღაც აგვიანებენ მის დაჭერას, თეთრ ხელებშეკრულ ხალათში გამოწყობას და ოთხ კედელშუა გამოკეტვას. არადა რამდენ სიცოცხლეს გადაარჩენდნენ ამით.

გზა დიდუბიდან დაიწყო. საქართველოდან სულ ნარჩევი ხალხი შევიკრიბეთ. აქეთ ერთი გიჟი მწერალი, იქით მეორე (ჩვენი ხელმძღვანელი). თხაწვერა, ფილმების რისხვა და მისი სათვალე, მეამბოხე და გამორჩეული გოგონა, უკარება, სიჩუმის განსახიერება და ასევე იყო ჩვენთან ერთად, ჩემი უახლოესი არასისხლით ნათესავი და, გაფრენილი მომღერალი. ექთანი, რომელსაც სიცოცხლეს უყოყმანოდ ვანდობ. მოკლედ, დიდუბეში დილის რვა საათზე შევიკრიბეთ, ავიღეთ წყალი, საგზალი და დაქირავებულ სამარშუტო ტაქსს გავუყევით, პირდაპირ რკონისკენ. სასიამოვნო მძღოლი, სასიამოვნო მგზავრობა. სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. საინტერესოა ყოველთვის ასეთ ადგილებში სიარული, უფრო საინტერესო კი უცნობი ადამიანების გაცნობაა, მათთან გამოლაპარაკება, მათი აზრის გაგება ამა თუ იმ საკითხზე, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მხიარულება, გართობა და ყველაფერი ეს მთელი დღის ემოციებით დატვირთული და სახლში დაბრუნებული არასდროს დაგავიწყდება, ან შენ თავს პირდები რომ მუდამ გეხსომება, ის ადამიანებიც.. მათთან კონტაქტს არ კარგავ და მჭიდროდ, ხვიარასავით შემოეჭდობი მთელი ცხოვრების განმავლობაში. იმიტომ რომ გაუგე, საერთო ენა იპოვე, კვლავ გესიამოვნება მათთან ჭიქა ანწლის არყის დალევა და ა.შ. და ა.შ.

რამდენიმე საათის მგზავრობის შემდეგ სვეტიცხოველში გავჩერდით.

This slideshow requires JavaScript.

სვეტიცხოველში რამდენჯერმე ნამყოფი ვარ, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა არ უნდა მივიდე აღფრთოვანება მეუფლება. გულს სიმშვიდე და სულს კი საოცარი აღტაცება. დიდოსტატის ხელით აგებული, რომელსაც შემდეგ მარჯვენა მოჰკვეთეს. აქ ყოფნისას მის თავდადებას ვიხსენებ, ვადიდებ ღმერთს და სიყვარულს! იმ ძლას, რამაც ეს  ტაძარი ააგო, ამ ულამაზეს მხარეში.

ყოველთვის მხიბლავდა მოგზაურობა, ახალი ადგილების აღმოჩენა. ბავშვობაში მოუსვენარი ვიყავი, ერთხელ დედას ხალხის გარემოცვაში დავეკარგე, რატომ? იმიტომ რომ მე მომწონდა ის გარემო, გავჩერდი და თვალიერება დავუწყე, წამით მოვწყდი მას და შემდეგ კი უკან ვიღაც ქალს ავეკიდე, ვინც დედა მეგონა. ახალი სამყაროს აღმოჩენა ხომ საოცრებაა. განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რასაც საქართველო ჰქვია! ეს ულამაზესი მხარე, ყოველთვის ასეთად დარჩება და მიმზიდველობას ამდენი გაქცეული ქართველი ვერ დააკარგვინებს. პირიქით, გაქცეულები სამუდამოდ გაქცეულად დარჩებიან, საქართველო კი დარჩება იქ სადაც დატოვეს, დარჩება ისეთივე დიადად და ლამაზად, როგორიც დატოვეს, უმეტესობამ კი ისე, რომ ამ ქვეყნის ყველა სილამაზე და ადგილი არ მოინახულა.

სვეტიცხოველში დიდ ხანს არ გავჩერებულვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ისევ დავბრუნდები იქ, ისევ მოვინახულებ. სურათები გადავიღეთ და ისევ გზა განვაგრძეთ. მანქანაში ყველაფერი იდეალურად იყო, სიმღერა, თბილი საუბრები და ურთიერთობა.

IMG_5565

ეს სურათი მას შემდეგ არის გადაღებული, რაც გადაღლილი სიკვდილთან ბრძოლაში გავიმარჯვე და ცელი წავართვი. მკაცრი გამომეტყველება მაქვს კი, ეს გადაღლილობის ბრალია.

რკონში, ერთ პატარა დასახლებაში, გარიყულა რომ ერქვა, ჩვენმა მძღოლმა გვიმასპინძლა. მართლაც რომ სიმბოლური სახელი ერქვა, ისე მოშორებული იყო უახლოესი მაღაზიისგან, გზები არც ისე კარგი, მანქანამ იქამდე ძნელად იმგზავრა, მთელი გზა გვაჯანჯღარა, მაგრამ ამად ღირდა. სახლი ორ სართულიანი იყო, ერთგან გადაღობილი, მაგრამ ორად იყოფოდა. ისეთი სუნი ტრიალებდა, ისტორიის, ნამდვილად სიძველისა და საოცარი ისტორიის სურნელი, რომელიც იმ ჰაერში იყო გაჟღენთილი და ყოველ ნივთს ეტყობოდა. როგორც გავიგეთ, გიორგი სააკაძემ პაატას თავი სწორედ ამ გზით ატარა, იმ გზით, სადაც მაშინ ოც აგვისტოს ჩვენ ვიდექით და ჰორიზონტს გავყურებდით. მისი თავი რკონშია დასაფლავებული, რკონის ეკლესიაში, ამ სახლიდან არც ისე შორს.

ჩვენი კოსმოსური ეკიპაჟის წევრები. ახლა რკონში, შემდეგ გამგზავრებას კი პირდაპირ ღია კოსმოსში ვაპირებთ.

ჩვენ მოვდივართ. გახსოვდეთ, ყოველთვის თქვენთან და თქვენ შორის ვიქნებით. ყოველთვის მოგადევნებთ თვალს და თქვენ ყოველ ნაბიჯს დავაკვირდებით. ვერსად გაიქცევი.

შემდეგ მახსოვს მდინარე, თამარას ხიდისკენ მისასვლელი წვრილი ბილიკი და ბევრი საუბარი ერთმანეთში. ადამიანში სწორედ ეს მომწონს, მისი ამოსუნთქვა და ამ ამოსუნთქვას ამოყოლილი სიტყვები. ხმა ისეთი ნაზი და სიცოცხლით სავსე, რომ შენც სიცოცხლეს მოგანდომებს. ეს კიდევ დასტური იმისა, რომ არაფერი კეთდება მარტო, ძალა ერთობაშია.

IMG_6007დაზუსტებით ვერ გეტყვით ადამიანებში რა მომწონს. მომწონს, როცა იღიმიან. როცა გეხუტებიან და სითბოთი, რომ გაჯილდოვებენ. საოცარია საოცარი. ახლაც მახსოვს მათი უცრემლო ღიმილი, ჯადოსნური გამოხედვა და ერთად ყოფნით განცდილი სიამოვნება ეს რა იყო არ ვიცი! რკონის ეკლესიაშიც შევიარეთ. ვნახეთ პაატას საფლავი და იქ გავძვერით, სადაც ძველად ბავშვებს ატარებდნენ ტირილის დროს. თურმე ისინი წყნარდებოდნენ. მას შემდეგ მეც რაღაც სიწყნარეს ვგრძნობ იქიდან მოყოლებული. უცნაურად წყნარი ვარ, როცა ნერვოზიანი და ყველაფერზე მოჩხუბარი ვიყავი. ახლა რამდენიმე დღეა არ მიყვირია და მიკვირს. სიცოცხლე უფრო მეტად შემიყვარდა და ახლაც ახლო ვარ უფალთან.

ტყის სიღრმეში ნელ-ნელა დღის სინათლეც ვერ შემოდიოდა და ბნელდებოდა. ჩვენ მზის სხივების გარეშე ვიარეთ, მაგრამ მის არსებობას მაინც ვგრძნობდით. სიცოცხლე გვწყუროდა და აბა როგორ. სასიამოვნოდ დამღლელი გზის გავლით ბოლოს მდინარეში დასველება გვიქადდა, ჰო, მაგრამ რა ვიცოდით.

ახლაც ვფიქრობ და ვიხსენებ იმ დღეს. სასიამოვნოდ ვიხსენებ და გონებით იქ ვარ. დაბრუნება მინდა, ხელმეორედ დავბრუნდებოდი სიამოვნებით და იგივე დღეს თავიდან გავივლიდი, ამ ადამიანებთან ერთად. შევეჩვიე. შემიყვარდნენ… (ჩემი ერკემიდასელებიც იყვნენ იქ, ისინი ისედაც მიყვარდნენ) და გიჟური დღე გვქონდა.

სასიამოვნოდ გატარებული, დაუვიწყარი ერთი გიჟური დღე, რომელიც ვინ იცის ნეტავ უსასრულოდაც გაგრძელებულიყო. არაუშავს. უსასრულოდ ის ჩემს თავში გაგრძელდება. :*

თქვენ კი ქართველებო!

განცადება თქვენთვის. დიახ შენთვის, ვინც ახლა ამას კითხულობ.

ჯერ საქართველო მოინახულე, მისი ყოველი კუთხე-კუნჭული გადააბრუნე და დატკბი ამით. შემდეგ სადაც გინდა იქ გაიქეცი. ჩვენი ქვეყანა მზეა, რომელიც არ გვიყვარს ზედმეტად გვაცხუნებსო ვამბობთ და გავრბივართ. მოგენატრებითო ხელს გიქნევთ ისიც, მაგრამ თქვენ არ გჯერათ, მერე თავში ირტყამთ ხელს, რატომ არ დავუჯერეთო. მოგენატრათ.

ე.მ.

20 აგვისტო 2016

Advertisements

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s