მკითხველთა რაზმი!

1507636_479576138826314_1236383095_n

ყველა წიგნს თავისი ისტორია გააჩნია, ყველა მკითხველს საკუთარი ამბავი.

მე როგორც მკითხველი ჩემი ამბავი მინდა მოგითხროთ, წიგნებზე, ჩემს მიზნებსა და სურვილებზე. შეგიძლიათ ოცნებადაც ჩამითვალოთ, მაგრამ აქედანვე გაფრთხილებთ ეს ოცნება არაა!

წარმოიდგინეთ სიცოცხლე როგორი მოსაწყენი იქნებოდა ჩვენს ცხოვრებას ერთი, ყველაზე არაჩვეულებრივი აქტი, რომ არ ამრავალფეროვნებდეს – კითხვა. კითხვის დროს ჩვენ შევიცნობთ და ვწვდებით ამოუცნობ მოვლენებს, უამრავ უცნაურ ამბავს ვიგებთ, ბევრ რომანტიულ ისტორიას და აუარებელ დამთხვევას, რომელიც დღითიდღე წიგნიდან წიგნამდე გადანაცვლებისას მატულობს. დამთხვევა იმისა, რომ რა წიგნსაც კითხულობ, სწორედ ის ეპიზოდი გიდგას ცხოვრებაში, ან აანალიზებ, რომ წიგნი შენ ამბავს ჰყვება, შენზე ჰყვება და ავტორი ყველაზე უკეთ შენი დახასიათებით აღწევს იმ ემოციას შენში, რასაც წიგნი იწვევს.

დამთხვევაა?

თუმცა დამთხვევების არ მჯერა. როგორც ალბერტ აინშტაინი იტყოდა: “დამთხვევა – ეს ერთ-ერთი საშუალებაა, რომლის დახმარებით ღმერთი ინარჩუნებს ანონიმურობას.”

მართალია. ჩვენ გვგვონია, რომ დაემთხვა ჩვენი და წიგნის შეხვედრის დრო, ადგილი. დაემთხვა ის ემოციაც, ის პერსონაჟიც, რომელიც წიგნის მთავარი გმირია საოცრად, რომ გგავს. მაგრამ სინამდვილეში, ხომ ეს ღვთის განგებაა. ღმერთი, რომ არა წიგნის პერსონაჟს კი არა იმ წიგნამდეც ვერ მიხვიდოდი, რომელიც შემდეგ შენი სამაგიდო წიგნი უნდა გახდეს და არაფრის დიდებით არ დათმო, არაფრის დიდებით!

მკითხველისთვის იდეალური ადგილი ალბათ ბიბლიოთეკა უნდა იყოს, მაგრამ ბიბლიოთეკასაც გააჩნია. იქ, სადაც კედლები ჩამონგრეულია და წვიმის დროს წყალი ჭერიდან პირდაპირ ასხამს შენობაში, და გადაყვითლებული კედლები სინესტისგან ისეთ საშინელ სუნს, რომ გამოსცემს, სადაც გაჩერებას ვერ შეძლებ ასეთი ბიბლიოთეკა სამოთხე ნამდვილად არ იქნება, თუმცა რატომაც არა, თუ მკითხველს ბოლო იმედიც არ გადაეწურება და ახალთახალი წიგნების თაროების ნაცვლად ძველ, ყდამოხეულ და გაყვითლებულ წიგნებს დაინახავს საერთოდ არ მოუნდება ბიბლიოთეკაში სიარული, საერთოდაც ვერ ისიამოვნებს იქ კითხვით.

მაინც რატომ?

ალბათ იკითხავთ, ან იმას მაინც მეტყვით, რომ მთავარია წიგნი იყოს, წაიკითხოთ და იმ წიგნთან ერთად უცხო, ქარიზმატულ და გმირებით დახუნძლულ სამყაროში გადაინაცვლოთ, მაგრამ ახლა თქვენ არ ამბობთ სიმართლეს. გულში ერთს ფიქრობთ – “ამ მყრალ ადგილას ვერ გავჩერდებოდი”… ნამდვილად ასეა, მკითხველი განა მაშინ ხარ, რომ ყველანაირ წიგნს და ყველანაირ ადგილას, თუნდაც გარეთ წაიკითხავ (არა თუ სხვა გზა არ გაქვს, როგორ არ წაიკითხავ, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც, რომლებსაც ურჩევნიათ ხელში წიგნით ტუალეტში იჯდეს, ვიდრე ისეთ ბიბლიოთეკაში, რომელიც მე აღგიწერეთ), ნამდვილი მკითხველი მაშინ ხარ, როცა წიგნს მიენდობი, კითხვისას შიგნით ეფლობი, სიტყვების ნაცვლად სურათებს უყურებ შენს მეხსიერებაში და მოგზაურობ მათთან ერთად.

მაგალითად, როცა ბნელი კოშკის კითხვა დავიწყე სტივენ კინგის, მოგატყუებთ თუ გეტყვით როლანდ დისქეინი იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც შავსამოსიან კაცს მისდევდა. თქვენ შეიძლება ასე ფიქრობთ, თუმცა კითხვა რომ დავიწყე იმ დღიდან მე და როლანდი ერთად მივსდევდით შავსამოსიან კაცს, ყოველთვის მასთან ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ის თავს მარტო გრძნობდა, მასთან ერთად განვიცდიდი გასაჭირს, უწყლოობას, შიმშილობას, იმედის დაკარგვას და ბნელ კოშკამდე ცოცხლად მიღწევის შანსის ხელიდან გაშვებას, მაგრამ რაც მთავარი იყო ერთად განვიცდიდით ამ ყველაფერს. მეც დავრბოდი ყოველ საათში რამდენიმე ასეულ მილს გავდიოდით და ხალხმრავალ ადგილასაც ერთად ვჩერდებოდით სულის მოსათქმელად, თუმცა რა ხალხმრავალი ადგილი, ერთი მიყრუებული სოფელი იყო ას კაცზე ნაკლები მაცხოვრებლით. მას ამჩნევდნენ, მე კი მისი აჩრდილი მეგობარი ვიყავი, თან ერთგული ესეც არ დაგავიწყდეთ, გასაჭირში არაფრით ვტოვებდი, მარტო ყოფნა ნებისმიერ ჩვენგანს დაამძიმებს, ეტყობა მაინც მგრძნობდა ის “დედაატირებული” (მოფერებით).

ვამბობდი, ბიბლიოთეკა ყველა ნამდვილი მკითხველისთვის სამოთხე არ არის-მეთქი. შეიძლება ვცდები კიდეც, მაგრამ ჩემთვის წიგნების მაღაზია უფროა სამოთხე ვიდრე დღევანდელი ბიბლიოთეკები, სადაც ნესტის და სიძველის სუნი იგრძნობა, ახალ-ახალი წიგნები კი მაინცდამაინც არ აქვთ და ისევ ძველებს გაჩეჩებენ ხელთ, როცა მათ დიდის ამბით სტუმრობ. შენ კი სახლისაკენ მიმავალი გუნება გიფუჭდება, რადგან ხელში ძველი, ფურცლებამოცვენილი და მტვრიანი წიგნი შეგრჩა, გაყვითლებული ფურცლებით, სადაც სიტყვები და ასოები გამქრალია, არ ჩანს, კითხვა გიჭირს და ყოველი გვერდის გადაფურცვლისას გეშინია წიგნი ხელში არ შემოგეშალოს, სუნიც არასახარბიელო ასდის.

რა სჯობია ახალი წიგნების სურნელს, მაღაზიაში შესვლისთანავე რომ შემოგებნევა სახეში და იგრძნობ, რომ ისინიც ცოცხლები არიან, ჰაერში დაფარფატებენ და მკითხველს ელიან, რომ შეეპკურონ და მოაჯადოვონ. შემდეგ კი ისე არ გაუშვან ერთი წიგნი მაინც რომ არ იყიდოს და არ დაისაკუთროს, შემდეგ მოყვება მეორე, თუ კიდევ დიდხანს დარჩი ცდუნებას ვერ უძლებ და ხელს მესამე წიგნისკენ იშვერ, თუმცა მერე ასე მოჯადოებული ხვდები, რომ ჯიბეში საკმარისი ფული არ გაქვს იმისთვის, რომ მთელი მაღაზია იყიდო, ან კიდევ გაიწვდინო მეოთხე მეხუთე და მეასე წიგნზე, ამიტომაც სამ წიგნს ჯერდები და სიხარულით მიისკუპებ დახლისკენ, შემდეგ კი სახლში გახარებული მათ ყნოსვაში გაერთობი, წაკითხვის ჯერი შეიძლება იმ დღესვე მოვიდეს, ან მეორე დღეს, დიდხანს ინახავ სახლში, თვალს ახარებ შემდეგ კი როცა ყველა წიგნს წაიკითხავ და დაკმაყოფილდები ახლების ყიდვისთვის ისევ მაღაზიას აშურებ, აგროვებ შენს ბიბლიოთეკას და ამაყობ მისით, გინდა სულ მათთან ერთად გაატარო დრო, მათ ცქერაში იყო, ხან ერთ წიგნს იღებ, ხან მეორეს და პირველს უკანვე აბრუნებ, გადაშლი შუაში, ნაწყვეტს ამოიკითხავ და სხვას აიღებ, და ასე დაუსრულებლად.

წიგნების აქეთ-იქით დალაგებაც კი პროფესიად გექცევა. რაღაც არ მოგეწონება აიღებ წიგნებს და სხვა ადგილას დაალაგებ, რამდენიმე დღის შემდეგ ისევ არ მოგეწონება და კიდევ ახლიდან დაიწყება გადაწყობ-გადალაგების პროცესი, რომელიც სიამოვნებას განიჭებს და გრძნობ, როგორ გიხანგრძლივებს სიცოცხლეს წიგნების სურნელით გამოწვეული ბედნიერება.

4950926187_2220d8bfdc_oყველას როდი აქვს სურვილი დრო დაუთმოს წიგნს, დაჯდეს საათები და არაფერი აკეთოს, მხოლოდ იკითხოს. სად სცალია ამისთვის, სხვა ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი, ბოლოსდაბოლოს ოჯახი ჰყავს სარჩენი, ცოტა საქმე ხომ არაა. ერთ დროს სანუკვარ წიგნებს კი ხელში აღარ იკარებს.

კითხვა: ასოები, სიტყვები, წინადადებები, აბზაცები, გვერდები, მთელი თავები და ბოლოს მთლიანი წიგნი. ისე გადის დრო, ისე იცვლება დილა საღამოთი, რომ წარმოდგენა არც კი გაქვთ ამდენი ხანი კითხვას როგორ მოუნდით. ისეთი გრძნობა გეუფლებათ, თითქოს არც დაღლილხართ, თითქოს სულ რაღაც ნახევარი საათის წინ დაიწყეთ კითხვა, არადა ფაქტი სახეზეა, დილა იყო, ახლა მზის მწველი სხივი მთვარის გრილმა სინათლემ შეცვალა, ვარსკვლავები კი უფრო აძლიერებს იმ თეზას, რომ დაღამდა.

ბიბლიოთეკებზე მოყოლით დავიწყე, არაფერი არ მითქვამს უბრალოდ, ეს მხოლოდ ჩემი სურვილიც კი არ არის. ეს ქვეცნობიერად ალბათ ყველა მკითხველის სურვილია, თუმცა ამ აზრს დღის სინათლეს არც კი ანახებს, იმარხავს ღრმად გულში და ელოდება ხელსაყრელ დროს ოცნების, ან სურვილის ასრულებისა. ის კი არ იცის, რომ სურვილი, ოცნება, მიზანი იმისთვის არის, რომ სხვასაც გააგებინო. მახსენდება ადრე რომ მეუბნებოდნენ ხოლმე მშობლები. თუ გინდა სურვილი აგიხდეს არავის არ უნდა უთხრაო. ახლა ამის აღარ მჯერა, პირიქით, მიმაჩნია რომ თუ გინდა სურვილი აგისრულდეს, თუ გინდა ყველაფერი ისე მოხდეს რაც გსურს, ეს ყველამ უნდა გაიგოს, და თუ გულით გუნდა სამყაროში ყველა ადამიანი გვერდით დაგიდგება, რათა ეს ოცნება აისრულო.

ჩემი სურვილი: მკითხველთა რაზმის შექმნა.

კიდევ ერთი სურვილი: წიგნებით სავსე სახლი, თუ გნებავთ ბიბლიოთეკა ეძახეთ (მაგრამ ამ სიტყვის გაგონებისთანავე ძველი და დანგრეული შენობები მიდგება თვალწინ), მაგრამ მე სახლს დავარქმევ, წიგნების სახლი, სადაც ყველას შეეძლება შემოსვლა, იქ ღამის გათევა, დაძინება თუ სახლში წასვლა დაეზარებათ და კიდევ მეორე დილის წიგნთან ერთად გატარება. იმ სახლში არ იქნება არანაირი კომპიუტერი, არც მობილურები და არც სხვა ელექტრონული მოწყობილობა. სახლი სავსე იქნება წიგნებით, ჯერ ნამდვილი მკითხველი შევა, შემდეგ შეიძლება არამკითხველიც შევიტყუოთ მოტყუებით და როცა წიგნების მეტს ვერაფერს დაინახავს მასაც მოუნდება ერთი წიგნის აღება და დათვალიერება მაინც თუ ჯერ წაკითხვამდე არ მივიდა საქმე.

კარცერი-ლუქსის გაკეთება ნამდვილად არ მიფიქრიათ და თუ ახლა თქვენ ეს გაიფიქრეთ მინდა, რომ აქედანვე ეჭვები გაგიფანტოთ. ეს სახლი მინდა ყველასთვის იყოს, მკითხველთა რაზმი კი ამ სახლის წევრები, სრულუფლებიანი წიგნის სახლის მოქალაქენი იქნებიან, რომელსაც ენდობიან და სახლში დაძინების საშუალებასაც მისცემენ. კარები არ ჩაიკეტება მკითხველის ნებართვის გარეშე, ძალით იქ არავინ გააჩერებს, როცა მოუნდება მაშინ შეეძლება წასვლა.

უზარმაზარი სახლი, ყოველ კედელზე დიდი თარო ჭერამდე და თაროები კი წიგნებით სავსე, რას არ ნახავთ იქ, ქართულ გამოცემებს ყველანაირს, უცხოურ გამოცემებს, გინდ ინგლისური, ამერიკული, გერმანული თუ ფრანგული, კორეულ არაბულ და ჩინურ გამომცემლობებსაც გადავწვდებით, რომ ნებისმიერს შეეძლოს წაკითხვა და თავისი წიგნის პოვნა.  ჩემს წარმოსახვაში ეს სახლი ძალიან ნათელი და სუფთაა, ყოველი წიგნი მზის სხივების დაცემისას ბრჭყვიალებს ისეთი ახალია და გადაუშლელი, მკითხველებსაც ევალებათ არ დააზიანონ ისინი, რადგან სხვასაც მოუნდეს და შანსი ჰქონდეს ახალი წიგნის კითხვისა, მისი სურნელის ფილტვებში ჩაშვებისა და სამუდამოდ მოჯადოების.

რას შეეხება მკითხველთა რაზმი გაინტერესებთ? ან რატომ დავარქვი მათ ასე? ეს უფრო ზოგადი სახელწოდებაა კონკრეტულზეც შეიძლება ფიქრი. მაგალითად: წიგნკაცი, ან foreverman-ები და ასე შემდეგ, მაგრამ უკეთესი ვარიანტის მოფიქრებაც შეიძლება.

readers

“რაზმი” ნუ დაგაბნევთ. არ მინდა იფიქროთ, რომ რამე საერთო აქვთ სამხედროებთან, არანაირი.

ჩემი უდიდესი სურვილია, რომ მკითხველები ერთად ვიყოთ, მკითხველებს გვიყვარდეს ერთმანეთთან საუბარი, გართობა, კამათი წიგნებზე და ათასნაირი ინტელექტუალური თამაშები. გასართობებს რა დალევს, თუმცა მაინც თუ გამოგველევა ჩვენ თვითონ მოვიფიქრებთ, რატომაც არა?

ბევრი რამით გავრთობილვარ, ბევრი რამ მითამაშია და საკმაოდ ბევრ თემაზე მილაპარაკია, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერაფრით ვერ აჯობებს წიგნის კითხვით გამოწვეულ სიამოვნებას, კითხვით გართობას ან მკითხველებთან წიგნებზე საუბარს, ან სამყაროზე, ყველა სხვა საინტერესო თემაზე და რა ჯობს იმის გააზრებას, რომ სამყარო შენ გეკუთვნის, მთლიანად შენია, ისე ლაპარაკობ როგორც ყველაზე მდიდარი ადამიანი, ვინც დედამიწის ფასი იცის და ყიდვას აპირებს…

ჩვენ სხვა სამყარო გვექნება, თუმცა ისე არ ვიქნებით, რომ წიგნების გარდა სხვას ვერაფერს ვხედავდეთ. უნდა ვხედავდეთ ყველაფერს, და თუ საჭიროა არაფერს, უნდა ვიცოდეთ ყველაფერი მსოფლიოზე, უნდა ვისაუბროთ ყველაფერზე და ჩვენ ვეძებოთ გადაჭრის გზები, მაგრამ მხოლოდ ჩვენ ვერაფერს გავხდებით.

ჯერ მეგობრები ვიქნებით მხოლოდ მკითხველთა რაზმის დამფუძნებლები, სახლსაც რამენაირად ვიქირავებთ ან თავიდან პატარა სახლით დავიწყებთ და მერე ფსონსაც გავზრდით. შევზიდავთ ჩვენს საკუთარ ბიბლიოთეკას და ყველას მივცემთ საშუალებას მოვიდნენ, დასხდნენ, წაიკითხონ. თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში.

2010-04-07T132205Z_106931168_GM1E6471NDQ01_RTRMADP_3_GEORGIA

წიგნი…

მკითხველი…

კითხვა…

ეს სამი აუცილებელი რამაა შემეცნებისთვის საჭირო. წიგნის განადგურების უამრავი მცდელობა ყოფილა წიგნის გამოჩენიდან დღემდე, მაგრამ ბოლომდე ვერ მოსპეს და ვერც მოსპობენ. წიგნი მუდამ იარსებებს, მუდამ იქნება სამყაროს ერთგული თანამგზავრი. მკითხველი, რაც უფრო შორდება წიგნს და უახლოვდება კომპიუტერს მით უფრო ნაკლებს კითხულობს, თუმცა მკითხველებიც არსებობენ და ყველა ეპოქაში იარსებებენ. კითხვა კი ყველაზე სასიამოვნო პროცესია ათასი სამყაროს გასაცნობად.

მთავარი მონდომებაა და დროს ყოველთვის გამონახავს კაცი წიგნის საკითხავად, თუმცა მკითხველთა რაზმობა საკმაო უფლებებს მიანიჭებს ამ ორდენის მფლობელს.

პირველი – იყვნენ იმ სახლის მეპატრონეები და ნებისმიერ დროს მოვიდნენ საკითხავად, დღე ანდაც ღამე.

მეორე – მათ განკარგულებაში უამრავი წიგნი იქნება. თუმცა სახლი სხვა მიზნებისთვისაც შეეძლებათ გამოიყენონ, თუმცა ეს დღის მეორე ნახევარში მხოლოდ.

მესამე – იკითხონ ბევრი და დააგროვონ წაკითხული წიგნების რაოდენობით ქულები. ამის შემდეგ შეეძლებათ უფრო მაღალ დონეზე ასვლა, უფრო მეტ უფლებას იძენს და უკვე ისიც შეეძლება სხვა მოიყვანოს, სხვას წააკითხოს წიგნი და შეაყვაროს ლიტერატურა. რა თქმა უნდა ბევრი ლაპარაკით და არა ძალით. ზოგჯერ რამდენიმე სიტყვაც საკმარისია, რომ ადამიანი წიგნით დააინტერესო.

მეოთხე – მიიღონ მონაწილეობა თამაშობებში და სხვა გასართობებში.

მეხუთე – მოიგონ დამატებითი დრო, წიგნის კითხვისას. ან მოიგონ თამაშში და სხვას დაავალონ თავისი არჩეული წიგნის წაკითხვა დათქმულ დროში.

მეექვსე – ისინი ვალდებულები ხდებიან წიგნის უსაფრთხოებაზე იზრუნონ.

მეშვიდე – ქულების რაოდენობის ზრდასთან ერთად უკვე შეეძლებათ წიგნი აიღონ და სადაც უნდათ იქ წაიკითხონ, მეტროში, საკუთარ სახლში, საწოლში ძილის წინ, ან ქალთან სექსუალური აქტის დროს. ეს მათი ნებაა…

მერვე – ილაპარაკონ წიგნის დადებით და უარყოფით მხარეებზე, გაარჩიონ წიგნები ერთამენთში, ურჩიონ საკითხავი სხვებს და ამითაც დააგროვონ დამატებითი ქულები.

მეცხრე – იკითხონ სიამოვნებისთვის.

მეათე – გახდნენ ბედნიერები.

მკითხველთა რაზმის შექმნა დიდი ხანია მინდა, დანიელ პენაკის – რომანივით საკითხავის წაკითხვის შემდეგ კი უფრო გამიმძაფრდა სურვილი. ადამიანები დაკავებულნი იქნებიან თავისუფალ დროს კითხვით, ისწავლიან ადამიანურად მოქცევას, სიკეთის და სიყვარულის ძალას, დაინახავენ რა მოკლე ფეხები აქვს ტყუილს და როგორი შავია სიძულვილი და სიბოროტე. მართალია კითხვა ადამიანს არ ხდის უკეთესს, მაგრამ ადამიანსაც გააჩნია.

მკითხველთა რაოდენობის გაზრდა ბედნიერების და სიხარულის გაზრდას მოასწავებს ჩემი გამოთვლებით. მათ აღარ ექნებათ დრო ერთმანეთის შურისთვის, ზიზღისთვის, აღარ გალანძღავენ ერთმანეთს იმისთვის, რომ მანქანას გადაუდგა წინ ვიღაც უცნობი ტიპი და არ ატარებს. წიგნის გარეშე ცხოვრება არ შეეძლებათ და ისე მოიქცევიან, როგორც კარგი და დადებითი პერსონაჟები იქცევიან, იხსნიან ქალს ყაჩაღთა გუნდისგან, რომლებიც გასაძარცვად გამოეკიდებიან, დაეხმარებიან ქუჩაში გაწოლილ მათხოვარს, უცხოს დახმარების ხელს გაუწოდებს და იმის შიში არ ექნება, რომ ამას ინანებს, არც იმას დაელოდება როდის გადაუხდის ვალს.

გაგიკვირდათ, რომ კიდევ იარსებებენ უპოვრები, კიდევ იქნებიან ყაჩაღები და მკვლელები? რა თქმა უნდა, ყველაზე არ იმოქმედებს წიგნი დადებითად, ზოგი წიგნამდე მაინც არ მივა, თუმცა მსოფლიო ბევრად უკეთესი გახდება თუ ადამიანები ერთმანეთს სიყვარულით დაუდგებიან გვერდზე. გამვლელებს სახეზე ღიმილის მეტი, რომ არაფერი ეხატოთ და დაღვრემილები, დაბოღმილები არ დადიოდნენ, გასაჭირში მყოფს უყოყმანოდ დაეხმარნონ თუნდაც სანაცვლოდ ის ვერაფერს მისცემს.

წიგნის კითხვით მსოფლიო შეიცვლება.

მკითხველთა რაზმო, წინ სიკეთისკენ!

ერთი… ორი… ერთი… ორი.

Advertisements

4 thoughts on “მკითხველთა რაზმი!

  1. წარმოვიდგინე შენი აღწერილი წიგნის სახლი ^^ ხშირად მიფიქრია ასეთ ადგილას რა ბედნიერად და მსვიდად ვიგრძნობდი თავს. უამრავი ამბავი დევს თაროზე, აიღე და გახდი ნებისმიერის მონაწილე ^^ სიამოვნებით ვიქნებოდი მკითხველთა რაზმის წევრი ❤

    Liked by 1 person

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s